საექთნო საქმიანობა 2025 წლიდან მხოლოდ სერთიფიკატის ფლობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი
საექთნო საქმიანობა 2025 წლიდან მხოლოდ სერთიფიკატის ფლობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი

A+ A-

16:23 29/07/2019

2025 წლიდან იგეგმება, რომ საექთნო საქმიანობის განხორციელება მხოლოდ რეგისტრაციის/ლიცენზიის/სერთიფიკატის ფლობის შემთხვევაში იყოს შესაძლებელი.

ამის შესახებ მთავრობის დადგენილებაშია საუბარი, რომელიც საექთნო საქმის განვითარების სტრატეგიას ითვალისწინებს. დადგენილებაში ექთნებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზეა საუბარი. დოკუმენტის თანახმად, არსებული მდგომარეობით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა კვალიფიციური ექთნების მწვავე დეფიციტს განიცდის. ექთანთა დიპლომის შემდგომი განვითარების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ფორმალური სისტემის ამოქმედების მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების მომზადება იგეგმება.

პირველ ეტაპზე - 2020-2025 წლებში ექთანთა რეგისტრაცია/ლიცენზირება/სერტიფიცირება განხორციელდება ფორმალური განათლების ფარგლებში გაცემული დიპლომის და/ან სამუშაო გამოცდილების საფუძველზე. ამასთან, 2025 წლამდე ეს პროცესი იქნება ნებაყოფლობითი, 2025 წლიდან კი საექთნო საქმიანობის განხორციელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ რეგისტრაციის/ლიცენზიის/სერიფიკატის ფლობის შემთხვევაში. 2025 წლის შემდეგ ექთნების რეგისტრაცია/ლიცენზირების/სერტიფიცირების საფუძველი იქნება სათანადო გამოცდის ჩაბარება. „გარდამავალ ეტაპზე (2020-2025 წლები) საექთნო სპეციალობის მიღების საფუძველი გახდება სპეციალობაში მზადების შესაბამისი კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე, ამ მიმართულებით არსებული სამუშაო გამოცდილება. მომავალში, როცა ქვეყანაში იქნება ბაკალავრი ექთნების მნიშვნელოვანი რაოდენობა, ექთან-სპეციალისტებად მუშაობის უფლება განისაზღვრება სამაგისტრო პროგრამის და/ან დიპლომისშემდგომი მზადების საფუძველზე“, - აღნიშნულია დადგენილებაში.

2025 წლამდე რეგისტრირებული/ლიცენზირებული/სერტიფიცირებული ექთნებისათვის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობა იქნება ნებაყოფლობითი, ამის შემდგომ რეგისტრაცია/ლიცენზია/სერტიფიკატი გახდება ვადიანი (5 წელი) და ყველა ექთანი დაექვემდებარება უწყვეტი განათლების სისტემაში სავალდებულო მონაწილეობას, კრედიტების მზარდი სისტემით. „ქვეყანა ხელს შეუწყობს საექთნო სამაგისტრო პროგრამების შემოღება/დანერგვას, ამასთან, გაიზრდება საექთნო სამაგისტრო პროგრამებზე ფინანსური ხელმისაწვდომობა“, - ნათქვამია დადგენილებაში.