რა ქონებას ფლობს ამერიკაში საქართველოს ელჩი, რომელსაც პრემიერ-მინისტრობას უპირებენ
რა ქონებას ფლობს ამერიკაში საქართველოს ელჩი, რომელსაც პრემიერ-მინისტრობას უპირებენ

A+ A-

17:00 29/07/2019

სამი  ბინა თბილისში, ორი მიწის ნაკვეთი დუშეთსა და ლანჩხუთში და აგარაკი ლანჩხუთში - ეს უძრავი ქონებაა, რასაც  ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე და მისი მეუღლე ანა მაცუკაშვილი  ფლობენ.

როგორც დავით ბაქრაძის მიერ 2019 წლის 26 აპრილის დეკლარაციიდან ირკვევა, ის ფლობს 2009 წელს, 29 000 დოლარად შეძენილ ბინას თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქ.#18-ში, რომელიც 62 კვ.მ. და ასევე თბილისში ალექსიძის ქუჩაზე, 54 კვ. მ. ბინას, რომელიც 2014 წელს 35 000 ლარად აქვს შეძენილი.

დეკლარაციის მიხედვით, დავით ბაქრაძეს 2016-17 წლებში მემკვიდრეობით გადაეცა 2060 კვ.მ მიწის ნაკვეთის და 134 კვ.მ ფართობის აგარაკის 50%   ლანჩხუთის რაიონ, სოფელ  მამათში.

დავით ბაქრაძეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე, 2018 წელის განმავლობაში, ხელფასის სახით მიუღია 66719 დოლარი.

დავით ბაქრაძეს დეკლარაციის შევსების დროს, საქართველოს ბანკის დეპოზიტზე  19406,08 აშშ დოლარი უფიქსირდებოდა, ხოლო საკრედიტო ბარათზე 795 ლარი.

ბაქრაძეს Citi Bank-ის სახელფასო ბარათზე დეკლარაციის შევსებისას 195,92 დოლარი უფიქსირდებოდა, ხოლო საკრედიტო ბარათზე 3209,24 დოლარი.

მისი მეუღლის ანა მაცუკაშვილის ქონებაც ისეთივე მოკრძალებულია, როგორც მისი მეუღლის. ანა მაცუკაშვილის მფლობელობაში, დეკლარაციის მიხედვით, ფიქსირდება  112 კვ.მ ბინა, თბილისსში ჭავჭავაძის ქ. #50-ში რომელიც,  2016 წელს, 130 000 დოლარად შეუძენია. ელჩის მეუღლე ასევე ფლობს 2014 წელს  3600 ევროდ შეძენილი 331 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს დუშეთში, სააკაძის 39-ში. ანა მაცუკაშვილი არ ფლობს საბანკო ბარათებსა და ანაბრებს. მის შემოსავალში 2018 წელს ფიქსირდება ბინის გაქირავებისგან მიღებული 21 000 დოლარი და კომპანია TRI - technical resources international-ში მუშაობისას,  მიღებული 50 000 დოლარი, ხელფასის სახით.

დავით ბაქრაძესა და ანა მაცუკაშვილს ქორწინებაში ჰყავთ 2 შვილი, 8 წლის  ლიზა, რომელიც ფინეთში დაიბადა და 7 წლის კესარია ბაქრაძეები. ისინი საქართველოს ბაანკში ანაბრის სახით, 6246,66-6246,66 ევროს ფლობენ.

აღსანიშნავია, რომ დავით ბაქრაძე არ ფლობს ავტომობილებს, ძვირადღირებულ ფერწერულ ტილოებს, აქციებს,  კომპანიის წილებს თუ სხვა ფუფუნების საგნებს.

დავით ბაქრაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩად 2016 წლის დეკემბერში, მაშინდელმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დანიშნა. მანამდე მას, 2014-16 წლებში  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ეკავა.

ცნობისთვის, ბაქრაძე პროფესიით საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების და საერთაშორისო სამართლის ბაკალავრია. იგი  1996 წელს მსახურობდა საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახურში. 90-იანი წლების მიწურულს - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხვადასხვა დეპარტამენტში. 2002 წელს დაიწყო დიპლომატიური სამსახური საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში; 2002-2005 წლებში იყო ჟენევაში გაეროს ორგანიზაციასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის, შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი.

2008 წლამდე ბაქრაძე იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ევროპული სამმართველოს უფროსის პოსტს. 2008-2012 წლებში დავით ბაქრაძე მსახურობდა საქართველოს საელჩოში შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში, როგორც უფროსი მრჩეველი და საქმეთა დროებითი რწმუნებული. 2012 წლის აპრილიდან 2014 წლის ნოემბრამდე იგი მსახურობდა როგორც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკაში.

პოლიტიკურ და სამთავრობო კულუარებში ამბობენ, რომ შემოდგომაზე დავით ბაქრაძე მამუკა ბახტაძეს შეცვლის, ბიძინა ივანიშვილის მორიგი სამთავრობო კარუსელის განხორციელების დროს.