Vogue-ის სექტემბრის ნომერი მეგან მარკლის რედაქტორობით გამოვა
Vogue-ის სექტემბრის ნომერი მეგან მარკლის რედაქტორობით გამოვა

A+ A-

17:57 29/07/2019

სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი ბრიტანული Vogue-ის სექტემბრის გამოცემის მიწვეული რედაქტორია. ახალი ნომრისთვის მან გარშემო ის ქალები და გოგოები შემოიკრიბა, რომლებიც სხვადასხვა სფეროში პოზიტიური ცვლილებისთვის იბრძვიან.

მათ შორის არიან სკოლის მოსწავლე და კლიმატური ცვლილებების აქტივისტი გრეტა თანბერგი, ახალი ზელანდიის პირველი ქალი პრემიერმინისტრი ჯაკინდა ანდერნი, მსახიობი და ასევე აქტივისტი ჯეინ ფონდა და სხვები. სულ შერჩეულია 15 ქალი და ყველა მათგანი ჟურნალის ყდაზე იქნება, წარწერით Forces for Change [ძალები ცვლილებებისთვის].

ჟურნალში ასევე იქნება მიშელ ობამასთან ინტერვიუ, რომელსაც მეგან მარკლი ესაუბრა. სასექსის ჰერცოგინიას ფოტო და კომენტარები ჟურნალში არ იქნება, რადგან, მისი სურვილით, მთელ ნომერში ის ქალები იქნებიან წარმოდგენილნი, რომლებიც მას შთააგონებენ.

მარკლის ხედვით შექმნილ ნომერზე ვიდეო-ტრეილერი Sussex Royal-ის ინსტაგრამზე გამოქვეყნდა.

"მინდა, რომ ჭორფლები ჩანდეს", — ეს იყო ერთ-ერთი ინსტრუქცია, რომელიც მეგანმა ფოტოგრაფს მისცა. პიტერ ლინდბერგი სამეფო ოჯახისთვისაც იღებს სურათებს და მეგანთან 2016 წლიდან მუშაობს. მისი თქმით, სასექსის ჰერცოგინიას მითითებები მისთვის მისაღები და მარტივად გასაგები იყო:

"მეც მიყვარს ჭორფლები და მისი შემოთავაზებების შესრულება ჩემთვის ღია კარებში სირბილს ჰგავდა".