უეფამ ხვიჩა კვარაცხელია ევროპის 50 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის დაასახელა
უეფამ ხვიჩა კვარაცხელია ევროპის 50 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის დაასახელა

A+ A-

16:38 30/07/2019

უეფამ საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ევროპის 50 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის დაასახელა.

„მოსკოვის „ლოკომიტივში“ იჯარით გამოსვლისას 18 წლის ხვიჩა კვარაცხელია გახდა რუსეთის ჩემპიონატის პირველი ფეხბურთელი, რომელიც 21-ე საუკუნეშია დაბადებული.

ახალი სეზონი კი ხვიჩამ „რუბინის“ შემადგენლობაში თავისი ყოფილი გუნდის კარში გატანილი გოლით დაიწყო“, - წერს ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ვებგვერდი.

სიაში „50 ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლებსაც 2019-2020 წლების სეზონში ყურადღებით უნდა დააკვირდეთ“, კვარაცხელიას გარდა „ბარსელონას“, მადრიდის „რეალის“, ტურინის „იუვენტუსის“, ამსტერდამის „აიაქსის“ და ევროპის სხვა წამყვანი კლუბების ფეხბურთელები მოხვდნენ.

უეფამ გამოარჩია კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი - კიევის „დინამოს“ 18 წლის ფორვარდი გიორგი წიტაიშვილი, რომელიც რამდენიმე თვის წინ უკრაინის 20 წლამდელთა ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა.