მცხეთაში, “ჯეო ჰოსპიტალში“ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებაში ოჯახის წევრები ექიმებს ადანაშაულებენ
მცხეთაში, “ჯეო ჰოსპიტალში“ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებაში ოჯახის წევრები ექიმებს ადანაშაულებენ

A+ A-

14:22 31/07/2019

მცხეთაში, „ჯეო ჰოსპიტალში“ 35 წლის მადონა სუთიძის გარდაცვალებაში, ოჯახის წევრები ექიმებს ადანაშაულებენ. ოჯახის წევრების თქმით, მცხეთის „ჯეო ჰოსპიტალში“ პაციენტი ნაღვლის ბუშტის ოპერაციის გართულების გამო შეიყვანეს და მისთვის მეორე ოპერაციის გაკეთება იგეგმებოდა.

ნათესავების ინფორმაციით, მათ ორი დღის განმავლობაში პაციენტის შესახებ სრული ინფორმაცია არ ჰქონდათ, მოგვიანებით კი სხვა პაციენტებისგან შეიტყვეს, რომ მადონა სუთიძეს სახის არეში მრავლობითი მოტეხილობები ჰქონდა მიყენებული. ამის შემდეგ, როგორც გარდაცვლილის ახლობლები ყვებიან, ისინი რეანიმაციის განყოფილებაში შევიდნენ და ექიმებისგან პაციენტის შესახებ ინფორმაცია მოითხოვეს. მათივე თქმით, ექთნების ნაწილის მტკიცებით, მადონა სუთიძემ დაზიანება ტუმბოზე დაცემის შედეგად მიიღო, მედპერსონალის ნაწილმა კი განაცხადა, რომ პაციენტის დაზიანებები მის აგრესიულ ქცევას უკავშირდება. ახლობლებმა დაზიანებების ამსახველი ფოტოსურათებიც წარადგინეს, სადაც ახალგაზრდა ქალს თავი სახვევებით აქვს დაფარული. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია, რეალურად რა მოხდა რეანიმაციულ განყოფილებაში და რა პირობებში მიიღო პაციენტმა დაზიანებები. ისინი ქალის გარდაცვალების რეალური მიზეზის დადგენას ითხოვენ.

ოჯახის ინფორმაციით, პროკურატურას და ჯანდაცვის სამინისტროს მომხდარის შესახებ ფაქტის გაგების დღესვე, 17 ივლისს აცნობეს. გარდაცვლილის ახლობლებს პრეტენზიები აქვთ ღუდუშაურის კლინიკის ქირურგის მიმართაც, რომელმაც 9 მაისს პაციენტს ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გაუკეთა. მადონა სუთიძის მულის დინარი ბლიაძის თქმით, ოპერაცია არასათანადოდ ჩატარდა. პაციენტი დღეს დილით გარდაიცვალა, ცხედარს ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროში უტარდება.