მინისტრის მოადგილემ, რომელმაც ლარს თინეიჯერი უწოდა, 2016 წლიდან დღემდე 3 მაჯის საათში 63 744 ლარი გადაიხადა
მინისტრის მოადგილემ, რომელმაც ლარს თინეიჯერი უწოდა, 2016 წლიდან დღემდე 3 მაჯის საათში 63 744 ლარი გადაიხადა

A+ A-

16:10 31/07/2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ ალავიძემ, რომელმაც ლარს თინეიჯერი უწოდა, 2016 წლიდან დღემდე 3 მაჯის საათში 63 ათას 744 ლარი, სამთო ველოსიპედში 14 ათას 688 ლარი, ხოლო აუდიო ტექნიკაში 65 ათას 280 ლარი გადაიხადა.

ხოლო 2019 წელს, მისმა მეუღლემ მაჯის საათი 18 ათას 500 ლარად შეიძინა და ეს მხოლოდ ჩინოვნიკის ქონების არასრული ჩამონათვალია…

კერძოდ, მინისტრის მოადგილის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2017 წელს ნიკოლოზ ალავიძემ იყიდა ავტოფარეხი მარიკა ბარათაშვილის ჩიხში, რომელშიც 6 ათასი დოლარი გადაიხადა.

ის 50 პროცენტიან წილს ფლობს 900 კვ.მ მიწის ნაკვეთშიც, რომელიც ლეჩხუმში მდებარეობს და რომლის ღირებულებაც 5 500 ევროა.

მას კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი აქვს ბაკურიანში, 700 კვ მეტრი და დეკლარაციის მიხედვით ის 7 ათას დოლარად არის შეფასებული.

ნიკოლოზ ალავიძის საკუთრებაა 2015 წელს ნაყიდი 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი დიღომი 8-შიც, რომელიც 110 ათას დოლარად არის შეფასებული.

ალავიძეს აქვს ბინაც თბილისში, გეგეჩკორის 16 ნომერში, რომლის ღირებულება 75 ათასი დოლარია.

მისი საკუთრებაა კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი ბაკურიანშიც, სადაც 33 პროცენტიან წილს ფლობს და რომლის ღირებულებაც 3 ათასი დოლარია.

ნიკოლოზ ალავიძის საკუთრებაა ძვირადღირებული აუდიო ტექნიკაც (Amplifier, Preamp, Phono amplifier, Floor standing Speakers): Electrocompaniet, Parks Audio, Monitor Audio, Pro-Ject), რომელშიც მას 2016 წელს, დეკლარაციის მიხედვით 20 ათასი ევრო გადაუხდია (65 ათას 280 ლარი კურსით 3.264).

მანვე, 2016 წელს იყიდა მაჯის საათი (IWC Pilot Watch, “Le Petit Prince” edition)– 17 ათას 500 ლარად.

ალავიძემ 2018 წელს კიდევ შეიძინა მაჯის საათი (Luminor Panerai Radiomir, Black Seal) ამჯერად 8 500 ევროდ (27 744 ლარი კურსით 3.264).

2019 წელს, უკვე ალავიძის მეუღლემ, ნათია გოგიჩაიშვილმა იყიდა მაჯის საათი (Luminor Panerai DUE) – 18 ათას 500 ლარად.

ალავიძემ 2016 წელს შეიძინა ავტომანქანა მაზდაც – 33 ათას დოლარად, ხოლო 2017 წელს სამთო ველოსიპედში (Canyon Spectral, Carbon 27.5) 4 500 ევრო გადაიხადა (14 688 ლარი კურსით 3.264).

რაც შეეხება ფულად თანხას, ნიკოლოზ ალავიძეს, სხვადასხვა ბანკში გახსნილ ანაბრებზე, დეკლარაციის შევსების მომენტში ჰქონდა: 55 ათასი ლარი, 12 ათასი დოლარი, 11 ათას 251 ფუნტი, 22 ათას 836 ლარი და 22 ათას 836 ფუნტი.

შეგახსენებთ რომ მაშინ, როდესაც ერთი დოლარი უკვე 3 ლარი გახდა, რამაც საქართველოს მოქალაქეთა სრული უმრავლესობა ობიექტურად შეაშფოთა, ფუფუნების მოყვარულმა ბიუროკრატმა განაცხადა: „ლარი არის თავისუფალი, ასე ვთქვათ თინეიჯერი, რომელსაც თვითონ არეგულირებს ბაზარი დამოუკიდებლად. რა თქმა უნდა, მასზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს“.

აი, ასეთი გზავნილი გაუგზავნა ქართული ოცნების ჩინოვნიკმა ლარის გაუფასურების გამო გამწარებულ მოქალაქეებს.

წყარო : presa.ge