დავით კეზერაშვილს დაიჭერენ
დავით კეზერაშვილს დაიჭერენ

A+ A-

13:17 01/08/2019

"2020NEWS"-ს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი საქართველოს საზღარს გადმოკვეთს, ქართველი სამართალდამცველები მას დააკავებენ. "საზღვარს რომ გადმოკვეთს, დააკავებენ“, - განაცხადეს პროკურატურაში.

"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კეზერაშვილმა საქარტველო დატოვა და ამჟამადაც პოლიტიკურ დევნილობაში იმყოფება. კეზერაშვილის წინააღმდეგ ქართულმა მართლმსაჯულებამ 4 მიმართულებით დაიწყო სისხლის სამართლის საქმის წარმოება.

ესენია - ფოთის პორტი და მამა-შვილი ნიჟარაძეები, კონტრაბანდული სპირტის საქმე, ტელეკომპანია "იმედის" და საპროტესტო აქციების დარბევა, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბრალდებულია გიგი უგულავასთან ერთად. რაც შეეხება მესამე ბრალს, დავით კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსთან ალექსანდრე ნინუასთან ერთად, ბიუჯეტის გაფლანგვით, 5 მილიონამდე ევროს მითვისებას ედავებიან.

საქმე - მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები და დავით კეზერაშვილი. გამოძიებით დადგინდა, რომ 2010 წლის აგვისტოში, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა, რომელიც იმ პერიოდში, თავის ბიზნეს საქმიანობაში, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი რანგის თანამდებობის პირების განსაკუთრებული მფარველობით სარგებლობდა, გადაწყვიტა გაეფართოებინა თავისი ბიზნეს-გავლენის სფეროები და ხელში ჩაეგდო ფოთის პორტში ნავთობპროდუქტების და მშრალი ტვირთების გადამუშავებასთან დაკავშირებული ბიზნესი, რომელიც წლიურად ათეულობით მილიონი ლარის მოგებასთან იყო დაკავშირებული.

იმ პერიოდში, ხსენებული ბიზნესის მესაკუთრეები იყვნენ მამა-შვილი: თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები. პროკურატურის ცნობით, კეზერაშვილმა ბიზნესი ძალადობის გამოყენების მუქარით მიითვისა. პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის საქმეზე ბრალი 2015 წლის 2 ივლისს წარუდგინა. თუმცა 2018 წლის 12 იანვარს აღნიშნულ საქმეზე საქალაქო სასამართლომ კეზერაშვილი უდანაშაულოდ სცნო. მეორე საქმე - 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და "იმედში" შეჭრის საქმე.

სახელმწიფო ბრალდება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავას, ზურა ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. 2014 წლის 1 აგვისტოს ყოფილ მაღალჩინოსნებს: მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს "იმედში“ შეჭრისა და 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული წარუდგათ,რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2018 წლის 19 ივლის საქალაქო სასამართლომ მაღალჩინოსნების პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. კონტრაბანდული სპირტის საქმე და დავით კეზერაშვილი - გამოძიებამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს სპირტის კონტრაბანდა და 13 მილიონამდე თანხის ქრთამის სახით აღება ედავებოდა. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბიზნესმენი კეზერაშვილი სიძესთან, მეირ ჯანაშვილთან ერთად იყო ბრალდებული. ჯანაშვილი სასამართლომ ქრთამის აღების საქმეში გაამართლა, თუმცა, ჯანაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით - კონტრაბანდაში, 362-ე მუხლით - ყალბი დოკუმენტების დამზადებასა და 21-ე მუხლით - ყალბი ანგარიშწორების ბარათის გამოყენებისთვის დამნაშავედ სცნეს.  მას თავისუფლების აღკვეთა 9 წლით შეეფარდა.

რაც შეეხება კეზერაშვილს, ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე, ის საფრანგეთში 2013 წლის 15 ოქტომბერს დააკავეს. საფრანგეთის სასამართლომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე უარი განაცხადა და გაათავისუფლა. აღნიშნულ საქმეზე 2014 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით საქალაქო სასამართლომ კეზერაშვილი გაამართლა. საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა და დავით კეზერაშვილი - 2014 წლის 7 მაისს მთავარმა პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე, ყოფილ თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ალექსანდრე ნინუას ბრალი წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წლის 10 იანვარს საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა, მასთან დაკავშირებული პირის, ოფშორულ ზონაში, ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანია “Girwood Business Corp.“-ის სასარგებლოდ, თანხების გაფლანგვის მიზნით, გამოსცა ბრძანება – ხსენებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. ამავდროულად, დავით კეზერაშვილთან დანაშაულებრივ კავშირში ჩართულ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ნინუა, რომელმაც კომპანიის გამოცდილების და შესაძლებლობების შეუმოწმებლად, 2008 წლის 10 იანვარს, კომპანია “Girwood Business Corp.“-თან, თავდაცვის სამინისტროს სახელით გააფორმა ხელშეკრულება, თავდაცვის შესაბამისი ქვედანაყოფების გეგმიური საბრძოლო მომზადების შესახებ, რომლის ღირებულება განისაზღვრა 5 685 000 ევროს ოდენობით.

ხელშეკრულების თანახმად, საავანსო თანხად განისაზღვრა მთლიანი თანხის 40%, მაშინ, როდესაც კომპანიას, რომელსაც საქართველოში წარმომადგენლობაც კი არ გააჩნდა, არ დაევალა საბანკო ან სხვა სახის გარანტიების წარმოდგენა. სინამდვილეში ხელშეკრულება იყო ფიქტიური და დავით კეზერაშვილთან დაკავშირებულ კომპანია “Girwood Business Corp.“-ს სამხედრო ქვედანაყოფებში არანაირი სახის სასწავლო წვრთნები არ ჩაუტარებია. დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, ფიქტიური ხელშეკრულების საფუძველზე, კომპანია “Girwood Business Corp.“-ს თავდაცვის სამინისტროდან ოფშორულ ზონაში არსებულ საბანკო ანგარიშზე საავანსო თანხად გადაერიცხა 2 330 937 ევრო.

ხოლო დარჩენილი თანხების გადარიცხვის მიზნით, თავდაცვის სამინისტროში ყალბი ანგარიში შედგა, თითქოსდა კომპანიის მიერ სამხედრო დანაყოფებში ჩატარებული სწავლებების შესახებ, რითაც კომპანია “Girwood Business Corp’’-ის საბანკო ანგარიშზე გადაირიცხა დამატებით 2 729 062.50 ევრო. 2017 წელს კი, კეზერაშვილი აღნიშნულ საქმეზე გამართლდა. ხოლო ალექსანდრე ნინუას, მას გაფლანგვისთვის წარდგენილი ბრალი სამსახურეობრივ გულგრილობაში გადაუკვალიფიცირდა. დავით კეზერაშვილი სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მაღალჩინოსანი იყო. მან ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ასეული მილიონობით ქონების დაგროვება შეძლო.