ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი "რუსთავი 2" - თვის სამართლებრივ დავას იწყებს
ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი "რუსთავი 2" - თვის სამართლებრივ დავას იწყებს

A+ A-

13:46 01/08/2019

ინტერვიუ ზურაბ კიწმარიშვილთან

ტელეკომპანია “რუსთავი 2“ -ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან, წილების გადანაწილებასთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით “2020NEWS" “რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილის ძმას, ზურაბ კიწმარიშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზურა, “რუსთავი2“-ის ახალი მფლობელი ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიის დამფუძნებლებს 40%-იანი წილის გადაცემას სთავაზობს, რაც დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძესთვის მისაღები წინადადება არ აღმოჩნდა. მხარეებს შორის როგორი შედეგით დასრულდება მოლაპარაკებები ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა “რუსთავი2“-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების პარალელურად, თქვენი ოჯახი ეროსის კიწმარიშვილის წარსულში კუთვნილი 30%-იანი წილის დამბრუნების მიზნით სამართლებივი დავის დაწყებას ხომ არ აპირებს?

- გაგახსენებთ, ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში ეროსის სასამართლოში 30%-ის წილის დაბრუნებასთან დაკავშირებით დავა ჰქონდა წამოწყებული. ბოლო 5 წლის განმავლობაში კი ქალბატონი ია (ეროსი კიწმარიშვილის მეუღლე) საკმაოდ დიდი ინტერესით აკვირდება “რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და მისგან ვიცი, რომ გარკვეულ ეტაპზე ის აპირებს საკუთარი პრეტენზიები გამოთქვას წილთან და იმ პირობების დაუკმაყოფილებლობასთან დაკავშირებით, რომელებიც ტელეკომპანიის გასხვისებას პერიოდს წინ უძღოდა.

-კონკრეტულად როდის აპირებთ სამართლებრივი დავის დაწყებას?

- ამ ეტაპზე, კონკრეტული გეგმის შესახებ ინფორმაციას ვერ მოგახსენებთ, თუმცა შესაძლებელია, სულ მალე გავრცელდეს ინფორმაცია სამართლებრივი დავის დაწყებასთან დაკავშირებით, რომელშიც სავარაუდოდ, ჩვენი ოჯახის სამოქმედო გეგმის შესახებ იქნება საუბარი. ქალბატონი ია საკუთარი ინტერესებეის დაცვას აპირებს. რა ფორმით, ძალიან მალე გამოჩნდება.

- როგორც აღნიშნეთ, ბატონმა ეროსი კიწმარიშვილმა კუთვნილ 30% -ზე დავა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში წამოიწყო, რომელზეც გამოძიება ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო შეწყდა. ამ ფონზე, სამართლებრივი დავის დაწყებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გამორიცხავთ?

- ეროსის მეუღლე, ქალბატონი ია ამბობდა, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის პერიოდიდან სამართლიანობა ჩვენი ოჯახის მიმართაც აღდგებოდა. ამის მიუხედავად, ჯერჯერობით, იას აქვს იმედი იმისა, რომ საქართველოში საკუთარი ინტერესების დაცვას შეძლებს. სხვა შემთხვევაში, რამდენადაც სამაართლებრივი საფუძველი მოგვცემს საშუალებას, ყველგან ვიდავებთ. მათ შორის, საქართველოს საზღვრებს გარეთაც. იას ფარხმალის დაყრა არ სჩვევია.

- არსებობს ვერსია, თითქოს ეროსი კიწმარიშვილის ტელეკოპანია “რუსთავი2“-ის წილის დათმობაში 8 მილიონი გადაუხადეს. თქვენი ინფორმაციით, არხის ერთ-ერთ დამფუძნებელს წილის გასხვისებაში რამდენი გადაუხადეს?

- ეროსის ტელეკოპანიის გასხვისებაში მილიონები არ აუღია. ბატონი ქიბარ ხალვაში ამბობს, მან თანხმა ვიღაცას იმ პირობით გადასცა, რომ ეროსამდე მისულიყო. ეროსი და ია კი კატეგორიულად უარყოფენ, რომ მათ მსგავსი თანხები მიიღეს. სიტყვა-სიტყვით გეტყვით, ეროსის “რუსთავი 2“-ის გასხვისების საქმიდან ერთი თეთრიც კი არ მიუღია.

- თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ამტკიცებს, რომ ტელეკოპანია “რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელია, ხოლო ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიის საკუთრებაზე უფლების მქონე მის მიერ ნომინირებული პირია. ბიზნესმენ ხალვაშს “რუსთავი 2“ კანონიერად ეკუთვნის?

- სამართლებრივი მოცემულობა არის ისეთი, რომ დღეს “რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. ქიბარიც თავს დროზე მსვერპლი იყო, რადგან მახსოვს, რომ მას არ ჰქონდა “რუსთავი 2“-ის, როგორც ბიზნესის ფლობის ინეტრესი. დღეს ხალვაშს უფრო დიდი სურვილი აქვს იმისა, რომ არხმა იფუნქციონიროს და განვითარდეს, ვიდრე ტელეკომპანიის მფლობელობის პირველ წლებში ჰქონდა. არხის 25 წლიანი ისტორია არ უნდა დასრულდეს. ყველა ქართველის ინტერესშია ის, რომ “რუსთავი 2“-ის სახით ქვეყანაში ძლიერი, კრიტიკული, რესპექტაბელური ტელევიზია არსებობდეს.

- მას შემდეგ, რაც “რუსთავი 2“-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში გახდა, ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვლება? აღნიშნულს ქიბარ ხალვაში კატეგორიულად გამორიცხავს.

- მეტი საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვლება. მით უფრო, როცა “რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიცია ყველამ ძალიან კარგად ვიცით. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ძველი სარედაქციო პოლიტიკით ტელეკომპანია ფუნქციონირებას ვეღარ გააგრძელებს.

- 2014 წელს ეროსი კიწმარშვილის ბურუსით მოცულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიებამ დაადგინა, რომ მან თავი მოიკლა, რასაც თქვენი ოჯახი არ იზიარებს. რა გიმყარებთ ეჭვს იმის შესახებ, რომ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალება მკვლელობას უკავშირდება?

- ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალება გარეშე პირების მიერ კარგად დაგეგმილ მკვლელობას უკავშირდება. მისი გარდაცვალება დეტექტიური მკვლელობის ისტორიას ჰგავს. ეროსის გარდაცვალების საქმეში ისეთი დეტალებია, რომლებზეც გამოძიებას პასუხები საერთოდ არ აქვს. პროკურატურამ საქმე ობიექტურად ვერ გამოიძია და სრულიად სხვა მიმართულებით წავიდა. რაც დროს გადის, სულ უფრო და უფრო კომიკური ხდება ის დასკვნა, რომელიც საგამოძიებო უწყებამ დადო. მეტიც, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეში დაზარალებულადაც არ ვართ ცნობილი, რაც ძალიან სამწუხაროა.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე