“ფრეგოს“ ქეისს ბიზნესზე ზეწოლის კონტექსტი არ აქვს - ირაკლი ლექვინაძე
“ფრეგოს“ ქეისს ბიზნესზე ზეწოლის კონტექსტი არ აქვს - ირაკლი ლექვინაძე

A+ A-

16:07 01/08/2019

„ფრეგოს“ ქეისი უკავშირდება ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება–გამოყენებას და აღნიშნულს ბიზნესზე ზეწოლის კონტექსტი არ აქვს“- ასე აფასებს ბიზნესომბუდსმენი "ფრეგოს" დამფუძნებელს გიორგი თოფჩიშვილს წინააღმდეგ აღძრულ საქმეს.

ირაკლი ლექვინაძის თქმითვე, ბიზნესომბუდსმენის აპარატი ინფორმირებულია კომპანია „ფრეგოს“ გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ.

„ჩვენთვის ცნობილია კომპანია „ფრეგოს“ გარშემო დაწყებული საქმის შესახებ, სადაც საუბარია საგადასახადო დოკუმენტაციის შესაძლო გაყალბებაზე. საქმე გაგრძელდება სასამართლოში, სადაც მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა, გაამყარონ საკუთარი პოზიციები. აღნიშნული საქმე ბიზნესზე ზეწოლად ვერ შეფასდება და მსგავსი შინაარსის განცხადებები სპეკულაციურია.“ - ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

დაუჭერს თუ არა მხარს სასამართლო ეტაპზე ბიზნესომბუდსმენი "ფრეგოს" დამფუძნებელს გიორგი თოფჩიშვილს, ირაკლი ლექვინაძე განმარტავს, რომ ბიზნესომბუდსმენის აპარატი მოკლებულია შესაძლებლობას ბიზნესს მხარი სისხლის სამართლის პროცესის ეტაპზე დაუჭიროს, სხვა შემთხვევებში კი აპარატი ყველა მის ხელთ არსებული მექანიზმით მზად არის ბიზნესს კანონიერ მოთხოვნებში მხარდაჭერა აღმოუჩინოს.