ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ამბროლაურში რეანიმობილი განთავსდა
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ამბროლაურში რეანიმობილი განთავსდა

A+ A-

11:39 05/08/2019

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რეგიონებიდან გადაუდებელი მდგომარეობების გამო პაციენტების ტრანსპორტირების გართულების შემთხვევების პრევენციის მიზნით, რეაგირების გეგმას ადგენს.

უწყების ინფორმაციით, სპეციალური სამოქმედო გეგმის დასახვა უკანასკნელი კვირების განმავლობაში, რეგიონებიდან გადაუდებელი მდგომარეობების გამო პაციენტების ტრანსპორტირების გართულების შემთხვევების გახშირებას უკავშირდება.

„ბოლოდროინდელმა სავალალო გამოცდილებამ კერძო მიმწოდებლების მიერ მართული რეანიმობილების მუშაობაში არსებითი ხარვეზები გამოააშკარავა. სალიცენზიო მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისა და ტექნიკური გადაცდომების გამოვლენის მიზნით, სამინისტრომ სერვისების მიმწოდებლების რიგგარეშე შემოწმება უკვე დაიწყო. ნებისმიერი მიმწოდებელი, რომელიც ვერ დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, გამოეთიშება პროცესს. ამის შედეგად წარმოქმნილი დეფიციტის შევსებას კი, საჭიროებების ანალიზის საფუძველზე, სამინისტროს გადაუდებელი დახმარების სამსახური უზრუნველყოფს. მინისტრის პირადი ხელმძღვანელობით უწყების შესაბამისი ქვედანაყოფები მუშაობას სასწრაფო დახმარებისთვის ახალ სალიცენზიო მოთხოვნებზე უმოკლეს ვადაში დაასრულებენ, რაც ამ სამსახურის განახლებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი წინაპირობაა,“ – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ორ აგვისტოს, უკვე ძალაში შევიდა განახლებული სანებართვო პირობები გადაუდებელი დახმარების სერვისებისთვის. ახალი პირობები, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, აკონკრეტებს მოთხოვნებს ოთხი დონის სამედიცინო დაწესებულებისთვის – ბაზისურიდან ყველაზე კომპლექსური გადაუდებელი დახმარების სერვისების გაწევის შესაძლებლობების განსაზღვრის თვალსაზრისით.

„სანებართვო პირობების ამოქმედება მაღალი ხარისხის სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის, შეამცირებს კრიტიკული ტრასპორტირების საჭიროებას და მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის სიცოცხლის გადარჩენისთვის ოპტიმალურ პირობებს შექმნის. ღონისძიების ფარგლებში, რთულად მისადგომ რაიონებში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში, გადაუდებელი დახმარების შესაძლებლობები გაძლიერდება. კერძოდ, ამბროლაურის კლინიკაში ანესთეზიოლოგის, ქირურგის და ყველა გადაუდებელი დახმარების უნარ-ჩვევების მქონე პერსონალის მობილიზება მოხდება. ასევე, ტრავმებისა და დაზიანებების ადრეული შეფასებისა და სასიცოცხლო ფუნქციების სტაბილიზაცია-შენარჩუნებისთვის, სრული აპარატული უზრუნველყოფა განხორციელდება. იქამდე კი, ამბროლაურში, დაუყოვნებელი რეაგირებისთვის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეანიმობილი დღეს დილიდან განთავსდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს ამბროლაურიდან რეანიმობილით 16 წლის მოზარდი ქუთაისში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ტრანსპორტირებისას ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა. ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს პირველადი დასკვნით, რეანიმობილში, რომლითაც პაციენტის ტრანსპორტირება ხორციელდებოდა, ხელოვნური აპარატს პრობლემები ჰქონდა, რის გამოც ჟანგბადის მიწოდებაში შეფერხება იყო. გახდა თუ არა ეს ფაქტორი პაციენტის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი, ამის დასადგენად მიმდინარეობს მოკვლევა. 16 წლის მოზარდი კრიტიკულ მდგომარეობაში ქუთაისის საავადმყოფოში იმყოფება. ამ შემთხვევის შემდეგ, ამბროლაურის მცხოვრებთა ნაწილი, რაჭაში რეანიმობილის დანიშვნას ითხოვდნენ.