“ვაცხადებ აფხაზი ახალგაზრდობის სახელით, ასეთი ცხოვრება აღარ გვინდა” - აფხაზეთის ე.წ. დეპუტატი
“ვაცხადებ აფხაზი ახალგაზრდობის სახელით, ასეთი ცხოვრება აღარ გვინდა” - აფხაზეთის ე.წ. დეპუტატი

A+ A-

12:45 06/08/2019

აფხაზეთში ახლოვდება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და პუტინის აფხაზი შეგირდები კრემლში დარბიან რუსული კანდიდატის გასაყვანად. ამასობაში აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესები გამო ე.წ. არჩევნებში მონაწილეობას ვერ იღებს და პუტინის რჩეულთან საპაექროდ თავის კანდიდატურას ასახელებს – ის არის აფხაზური ე.წ. პოლიტიკური პარტია “ამცახარას” წევრი ალხაზ კვიცინია.

განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ე.წ. დეპუტატმა იური ხაგუშმა ადგილობრივ მედიას ინტერვიუ მისცა, სადაც ის საუბრობს აფხაზეთის მომავალზე.

მისი თქმით, 26 წლის განმავლობაში აფხაზეთში არაფერი შეცვლილა და საჭიროა რეფორმები, რადგან აფხაზი მოსახლეობა ნელ-ნელა კარგავს თავის სტატუსს.

როგორც ის აცხადებს,  ვინც კი მოსულა სათავეში აქამდე, ყველა მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე ფიქრობს და აფხაზეთი და აფხაზები დეგრადაციის გზაზე დგანან. გთავაზობთ მოკლე ამონარიდებს მისი ინტერვიუდან:

ჟურნალისტი: თქვენ გაგრიდან ხართ, კერძოდ ბზიფიდან. რას ნიშნავს თქვენთვის ბზიფი?

იური ხაგუში: გაგრა აფხაზეთის სავიზიტო ბარათია. მე კარგად ვიცნობ აქაურების მენტალობას და ზუსტად ვიცი რა სურთ მათ. ისიც ვიცი, რომ ამ ხნის განმავლობაში არაფერი შეცვლილა, თითქმის 26 წელი გავიდა და ბზიფის დასახლებაში არაფერი გაკეთებულა, საერთოდ არაფერი აშენებულა. ყველაფერი ძველებურადაა. თავის დროზე, აქ იყო სამუშაო ადგილები და ხალხი უზრუნველყოფილი იყო, თუმცა დღეს რაც ხდება ეს კატასტროფაა.

ჟურნალისტი: როგორც დეპუტატი, როგორ შეაფასებდით პოლიტიკურ სიტუაციას? ახლოვდება არჩევნები…

იური ხაგუში: ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე ვართ. შექმნილი სიტუაცია ახლა შოკისმომგვრელია. რეალურად ეკომონიკური კრახის წინაშე ვდგავართ და ყოველდღიურად იზრდება კრიმინალი. ჯანდაცვა უფასო იქნებაო მაგრამ სადაა? ტყუილი გამოდგა ყველაფერი. გავიდა მორიგი 5 წელი და უფსკრულის წინ ვდგავართ. ჩვენმა მოქალაქეებმა დაკარგეს რწმენა და უნდობლობა აქვთ ყველა ახალი ხელმძღვანელი პირის მიმართ.

უფრო მეტიც, ძველ დროს ვუბრუნდებით, რადგან ადამიანებმა დაიწყეს შეიარაღებული კლანების შექმნა იმისათვის, რომ დაიცვან საკუთარი თავი, ოჯახი და საკუთარი ინტერესები. ხალხი დარწმუნდა, რომ ადამიანებს სავარძლები სჭირდებათ მხოლოდ იმიტომ, რომ გაატყაონ ხალხი და ჩვენი ქვეყანა.

აღარ შეიძლება ასე ცხოვრება! მე ვაცხადებ აფხაზი ახალგაზრდობის სახელით, რომ ასეთი ცხოვრება აღარ გვინდა! ჩვენ არ გვინდა, რომ ადამიანები ქუჩაში იხოცებოდნენ. ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენს ახალ თაობას ძალით ტენიდნენ ნარკოტიკებს. ჩვენ, დღეს, უნდა ვუშველოთ ჩვენს აფხაზეთს! უნდა ვიაროთ წინ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი ნაცია გადარჩეს.

წყარო : "მეტრონომი"