შსს-მ ინტერნეტის მეშვეობით ნარკოტიკების გასაღებისთვის დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი დააკავა
შსს-მ ინტერნეტის მეშვეობით ნარკოტიკების გასაღებისთვის დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი დააკავა

A+ A-

10:26 07/08/2019

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: 1995 წელს დაბადებული გ.ა., 2003 წელს დაბადებული დ.ს. და 1985 წელს დაბადებული ს. ო. დააკავა.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებას ონლაინ საკომუნიკაციო აპლიკაცია „ტელეგრამის“ მესენჯერის მეშვეობით ასაღებდნენ.

„სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული, ერთ-ერთი ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, შვიდ შეკვრად დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ამოიღეს. დაკავებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია 66 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.

პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში არსებული სამალავებიდან სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ამოიღო.

გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების თანახმად, სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.