ისანში, უსახელო ქუჩას აგვისტოს ომში დაღუპული სერჟანტის, უშანგი სოფრომაძის სახელი მიენიჭა
ისანში, უსახელო ქუჩას აგვისტოს ომში დაღუპული სერჟანტის, უშანგი სოფრომაძის სახელი მიენიჭა

A+ A-

13:16 08/08/2019

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, ისნის რაიონში, ე.წ. სამხედრო ქალაქში მდებარე უსახელო ქუჩა და მასთანარსებული 3 შესახვევი, რომლებსაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული უმცროსი სერჟანტის, უშანგი (შმაგი) სოფრომაძის სახელი მიენიჭა, ოფიციალურად გაიხსნა.

ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრები, თავდაცვის სამინისტროს და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.

"11 წლის წინ ჩვენი ქვეყნის გმირები, საუკეთესო შვილები შეეწირნენ რუსეთ-საქართველოს ომს. მათი სახელების უკვდავსაყოფად, თითოეული მათგანის ისტორია არის, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის სიძლიერე და დღეს ჩვენ, ჩვენი გადაწყვეტილებით, სიმბოლურად დღევანდელ დღეს გავხსენით ერთ-ერთი გამორჩეული გმირის, შმაგი სოფრომაძის სახელობის ქუჩა. ჩვენი ვალია და ჩვენ აუცილებლად გვაქვს სურვილი, შემოვუნახოთ ჩვენს ქალაქს, ჩვენს ისტორიას ამ ადამიანებისა და გმირების სახელები," - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ქუჩას რუსეთ-საქართველოს ომის გმირის სახელი თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ 2018 წლის, 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით მიანიჭა.

 

უმცროსი სერჟანტი უშანგი (შმაგი) სოფრომაძე 1983 წლის 5 ივნისს სოფელ ძევრში დაიბადა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ბრიგადის ჯავშანსატანკო ბატალიონში მსახურობდა. დაჭრილი თანამებრძოლების გამოყვანისას ის ტყვედ ჩავარდა. უშანგი (შმაგი) სოფრომაძეს რამდენიმე დღის განმავლობაში აწამებდნენ, სახელმწიფო დროშაზე ფეხის დადგმაზე უარის თქმის შემდეგ კი დახვრიტეს.