მინდოდა, ყველასთვის მეჩვენებინა, რომ სიცოცხლე უნდა გააგრძელო - იყო მხატვარი, ძალიან რთულია
მინდოდა, ყველასთვის მეჩვენებინა, რომ სიცოცხლე უნდა გააგრძელო - იყო მხატვარი, ძალიან რთულია

A+ A-

11:25 11/08/2019

ჩვენს ქვეყანაში უამრავი ნიჭიერი ადამიანია, რომელთა არსებობის შესახებ ბევრმა არ იცის, ისინი ყოველდღიურად ჩვენს ირგვლივ არიან, თუმცა შეიძლება, მათ ვერც კი ვამჩნევთ, სწორედ ასეთ ადამიანებთა რიგს მიეკუთვნება ახალგაზრდა თვითნასწავლი მხატვარი კოკა ჭანკოტაძე, რომელმაც ძალიან მცირე ხანში შექმნა ათასამდე ნახატი და  თითოეული მათგანი წარმოუდგინა საზოგადოებას.

როგორც "2020NEWS” -სთან საუბარში კოკა ჭანკოტაძემ აღნიშნა, ის თეატრალური უნივერსტეტის სტუდენტი იყო, თამაშობდა სხვადასხვა თეატრის სცენაზე. წერს ნოველებს, თუმცა მისი განუყოფელი ნაწილი ხატვაა, რომლის გარეშეც ვერ იქნებოდა ის, ვინც არის.  მისი თქმით, საქართველოში მხატვრობა არც ისე მარტივი საქმეა და საზოგადოებაში თავისი მიმდინარეობის დამკვიდრებისთვის ბრძოლა უწევს. კოკა ჭანკოტაძის შემოქმედება შედგება ემოციებისგან და შეგრძნებებისგან, რომელიც  მისცხოვრებაში მყოფმა თითოეულმა ადამიანმა დაუტოვა.

ინტერვიუ მხატვარ კოკა ჭანკოტაძესთან.

დღე, როდესაც შენ დაიბადე....

თბილისსში დავიბადე 1987 წლის 9 აპრილს, 2 წელში 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, ეს დღე ძირითადად სულ ცუდთან ასოცირდებოდა. ამის გამო დიდად ჩემი დაბადების დღე არ მიყვარს. ყოველთვის ვიღებ ხოლმე ჩანთას და სადმე ისეთ ადგილას მივდივარ, რომელიც ჩემი ბავშვობის მოგონებებს ინახავს, მივდივარ და ჩანახატებს ვაკეთებ, წლებია  ძირითადად სულ ასე ხდება.

სეირნობის და მოგონებების განახლების დღეა, ჩემთვის, ჩემი დაბადების დღე.

ადგილი რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს.......

განსაკუთრებით, ინგოროყვას ქუჩა მიყვარს, სადაც ჩემს ბავშვობაში ბერიკები თეატრალურ წარმოდგენებს მართავდნენ ხოლმე, მივდიოდი და ვუყურებდი, ახლა წლებია, ეს აღარ ხდება, მე კი მივდივარ ისევ ამ ადგილას და ვიღვიძებ ბავშვობის მოგონებებს, შეგრძნებებს,  რომლის ახსნაც ძალიან რთულია,  უბრალოდ არის რაღაცეები, რაც შენთვის მნიშვნელოვანია. შენია  და ზოგჯერ ამის გამხელამ შესაძლოა, გააუფასუროს ეს შეგრძნებები.

როცა იქ მივდივარ, ყოვლთვის ერთი განსაკუთრებული კადრი მახსენდება, ერთ-ერთ დღეს წარმოდგენიდან გამოსულმა საოცარი ზამთარი ვნახე, თბილისის თეთრად დაფარული ქუჩები და ანძა, რომელიც ნისლში იყო ჩამალული, ასეთი ზამთარი მე ამის შემდეგ აღარ მინახავს, მხოლოდ ჩემს წარმოსახვაში, მაშინ, როცა იქ იმ ადგილას ვდგები და ვუყურებ ქალაქს.

 რა არის შენთვის ოჯახი?

რამდენიმე წელია,  მე, მამა და ჩემი და ვცხოვრობთ ერთად, მას შემდეგ რაც დედა გარდაიცვალა, ეს ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ჩემი ოჯახისთვის, თითქოს საყრდენი გამოეცალა ოჯახს, მამასაც, ჩემს დასაც, რომელიც 3 წელი უვლიდა დედას, როდესაც ცუდად, იყო თუმცა მე მაშინ ამ ყველაფერში ვერ გამოვიჩინე სიძლიერე და ვერანაირი წვლილი ვერ შევიტანე დედის დახმარბაში.  მაშინ  ჩემი ინერტულობით ჩემს ოჯახს დიდი ტკივილი მივყენე, მარტო ჩემს ტკივილებზე და დარდებზე ვფიქრობდი..... თითქოს დავშორდით ერთმანეთს.... გავუცხოვდით.......

ამიტომ ამის შემდეგ ვიტყვი, რომ  ჩემი ოჯახი, როგორ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, მნიშვნელოვანია ჩემთვის. ოჯახი არის პასუხისმგებლობით სავსე, რომლის გამოც  შენი პირადი ინტერესები ზოგჯერ გვერდით უნდა გადადო და იყო მათ გვერდით, ვინც მნიშვნელოვანია.

ბავშვობიდან მენატრება....

ყველაზე მეტად ბავშვობიდან მენატრება ის დრო, როცა მთელი ოჯახი ვიყავით ერთად სოფელში...

როცა დედა გარდაიცვალა, იმ მძიმე პერიოდში დავკარგე ყველა მოგონება, ხშირად გონებაში ამომიტივტივდება ხოლმე რაღაც მოგონებები, რომლებიც ზუსტად არ ვიცი მართლა რეალურად ხდებოდა თუ ჩემი წარმოსახვის ნაყოფია და ძალიან მინდა, ის ყველაფერი მართლაც ყოფილიყო...

თუმცა ერთი რამ ძალიან კარგად მახსოვს, სოფელში ბებიაჩემთან როდესაც ჩავდიოდი ხოლმე მატარებლების ლიანდაგზე მივდიოდი  და ვუყურებდი  ლამპიონების შუქზე განათებულ, გაშლილ რელსებს , ველოდებოდი უსასრულობაში მიმავალ  მატარებელს, სანამ  თვალთახედვიდან არ გაქრებოდა, მაატარებლები ალბათ ჩემი ბავშვობის სისუსტეა, ახლაც ხშირად ვიქცევი ასე. მივდივარ და ვჯდები ისევ ლიანდაგებთან ახლოს და ველოდები სადღაც მიმავალ მატარებელს....

მხატვრობის ნიჭი აღმოვაჩინე, როდესაც...

მხატვრობის ნიჭი ალბათ 5-6 წლის ასაკში აღმოვაჩინე ჩემში, ერთხელ სოფელში დედამ ტრაქტორში ჩამსვა, იმდენად მომეწონა და შემიყვარდა, რომ ყველას ვისაც ვნახულობდი, ვთხოვდი მის დახატვას. თუმცა ამაოდ, ვიღაც ცუდად ხატავდა, ვიღაცას რაღაც დეტალის დახატვა ავიწყდებოდა და სულ უკმაყოფილო ვიყავი, ისეთი რომ არ გამოსდიოდათ, როგორიც მე მინდოდა. ამიტომ ერთ დღესაც ავდექი და დავხატე ტრაქტორი, რომელიც ძალიან მომწონდა.... ამის შემდეგ აღმოჩნდა, რომ კარგად ვხატავდი...

ხატვისთვის მჭირდება ....

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მხატვრისთვის, ეს მატერიალური კეთილდღეობაა...

თუ ხატვისთვის არ გაქვს ფუნჯები და საღებავები, როგორც არ უნდა ეცადო, ვერ დახატავ. ახლა ამ პრობლემის წინაშე ვდგავარ ზუსტად, რამდენიმე თვეა არ დამიხატავს, ნახატების რეალიზება თუ არ მოახდინე მხატვარმა,  ძალიან რთულია, დახატო...  ამის საშუალება კი მატერიალურმა კეთილდღეობამ უნდა მოგცეს...

გარდა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯებესებისა, მთავარი და მნიშვნელოვანი, ნაწილი ხატვისთვის არის ძლიერი ემოციები, ემოციების მისაღებად კი ხშირად გავდივარ ხოლმე ხალხმრავალ ადგილებში, ან პირიქით მიტოვებულ შენობებში, შემდეგ კი  თავისით მოდის ჩემი ნახატების ინსპირაცია, თუმცა თუ ბოლო გამოფენას გავითვალისწინებთ, იქ წარმოდგენილი იყო ნახატები, რომელიც ემოციური ტკივილის ფონზე შევქმენი, ნახატებში აღბეჭდილი იყო ყველა ის გრძნობ, რაც ცუდმა და კარგმა ადამიანებმა დატოვეს ჩემში.

ფაქტი კი ერთია, ხატვისთვის მჭირდება ძლიერი ემოციები და მატერიალური კეთილდღეობა....

ემოციების გარდა კი, რა თქმა უნდა, მუსიკა არის ის, რაც ყველაფერში მეხმარება. ყველაფრის დაძლევაში და გადატანაში, ხატვის დროს ცოტა სასმელიც შეიძლება, იყოს ჩემი შთაგონება, თუმცა ყოფილა მომენტები, როდესაც რაღაც რთულს ვხატავდი და სრული სიფხიზლე და ყურადღება სჭირდებოდა, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ხატვისთვის მჭირდება ალკოჰოლი.

 

როდესაც მუზა არ მომდის....

როდესაც მუზა არ მომდის, ვიწყებ ფიქრს, გავდივარ და ვსეირნობ ქუჩემში, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ხატვისთვის ემოციებს ძირითადად წიგნიდან ვიღებ, ამიტომ თუ მუზა არ მოდის, ბევრს ძალიან ბევრს ვკითხულობ და ჩემი ნახატების ინსპირაციაც ჩნდება.

რაღაცეების ანალიზს ვაკეთებ და მერე ნახატის შექმნის იდეაც მოდის.

ჩემთვის ხელოვნება არის...

ხელოვნება რთულად აღსაქმელი სფეროა, ბევრი მიფიქრია და ერთ კონკრეტულ დასკვნამდე ვერ მივედი....

ხშირად მქონია მომენტი, რომ დამიხატავს რაღაც ნახატი და შემდეგ მიფიქრია, მართლა მე შევქმენი ეს, ზოგჯერ თეატრში ყოფნაც მომბეზრებია და მერე მივმხვდარვარ, რომ მომენატრა და მის გარეშე აღარ შემიძლია, ხელოვნება ბევრ რამეს მოიცავს, ზუსტი ახსნის და ანალიზის დადების საშუალება არ მაქვს, ალბათ ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გავიაზრე, რა არის ეს, უფრო რაღაც ემოციების შენებურად გადმოცემაა ხელოვნება.

რომ არა მხატვარი, ვიქნებოდი...

არ მგონია, ყოფილიყო რამე სხვა, მაინც მგონია, რომ მხატვარი ვიქნბოდი აუცილებლად, რადგან ამის შესაძლებლობა ძალიან პატარა ასაკიდან მქონდა. თუმცა მე ხომ მხოლოდ მხატვარი არ ვარ, ვწერ და იყო კარგი დრო როდესაც რუსთაველზე, თეატრ სარდაფში  მსახიობი ვიყავი, შემდეგ ეს შენობა გაიყიდა და ჩემი მსახიობობაც დასრულდა. ჩემს მსხიობობას კი საფუძველი მაშინ ჩაეყარა, როდესაც არტოს ბაღში ვთამაშობდი სპექტაკლებში.

ამიტომ არა მგონია, ყოფილიყო რამე სხვა პროფესია, რასაც ავირჩევდი... თუმცა ბავშვობში ძალიან მომწონდა ფეხბურთი და დიდხანს ვთამაშობდი. შემდეგ ფეხბურთის სიყვარული ჩემი გუნდისადმი სიყვარულში გადაიზარდა...

ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი სხვაგან... ის ვარ, ვინც უნდა ვიყო.

შთანოგებაა...

შთაგონება არის, ყველა შეგრძნება, რომელიც ჩარჩენილია გონებაში ჩემი  წარსულიდან, ასევე  ის ადამიანები, რომლებმაც ჩემს ცხოვრებაში დიდი კვალი დატოვეს.

მივხვდი, რომ ჩემთვის საინტერესოა იმ ემოციებით ხატვა, რომელიც ვინმე ადამიანის გამოჩენით ან დაკარგვით არის ჩემში შემორჩენილი, ადამიანები ემოციებით და შეგრძნებებით ვსაზრდოობთ, ყველაფერი რასაც ვაკეთებთ, ამის წყალობით ხდება. ჩვენ იმიტომ ვართ ადამიანები, რომ ეს შეგვიძლია, თორემ უემოციო ქმნილებებად შექმნეს ანდროიდები, რობოტები, რომლებსაც შეგრძნებები არ აქვთ, არ გააჩნიათ ტკივილის და ბედნიერების განცდა, სწორედ ამიტომ ჩემი შთაგონება არის ემოციები, რომელიც ადამიანებისგან დარჩა ჩემს გონებაში, სულში.

 

ჩემთვის სიყვარულს აქვს ... (ფერი)

სიყვარული ჩემთვის მეწამული წითელი ფერია. ასე უბრალოდ როცა ამ სიტყვის წარმოთქმა დავიწყე, მაშინვე გავაცნობიერე, რომ სიყვარული აუცილებლად მეწამული წითელი უნდა ყოფილიყო, მე ასე ვხედავდი.

მინდა, დავხატო პორტრეტი....

ვინმეს პორტრეტის დახატვის სურვილი წლებია, აღარ მაქვს. ადრე ვხატავდი და კარგადაც გამომდიოდა. თუმცა მე ხომ ჩემებურად ვხედავ ყველას და ყველაფერს ირგვლივ. ამიტომ ვხატავ ადამიანებს ჩემს სტილში, ისეთებს როგორც მე მათ ვხედავ, ამიტომ მგონია, რომ კლასიკური  პორტრეტების ხატვა არ არის ჩემთვის საინტერესო... არ მიზიდავს, ამით თითქოს ჩემი ხედვები ჩარჩოში ექცევა და არ შემიძლია, დავხატო ისე, როგორც მე ვხედავ.

მეშინია...

ყველაზე მეტად ობობების, სიმაღლის, ტყუილების, წყლის სიღრმის მეშინია, ასევე სიბნელის, მიუხედავად იმისა, რომ მიზიდავს, რადგან მისტიურია.

ვოცნებობ...

მაქვს ოცნება, რომ რამე კარგი პიესა ან ნოველა დავწერო, ან დავხატო რამე ისეთი, რისი საშუალებითაც ვიტყვი იმას, რაც მაწუხებს.  მინდა, რომ ნახონ  იმ ადამიანებმაც, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში კვალი დატოვეს, იმისთვის, არ მინდა, შევქმნა რამე რომ მერე ვინმემ ტაში დამიკრას, ან თქვას, თუ როგორი ნიჭიერი ვარ, მინდა, რომ ჩემი ქმნილებით ადამიანები ფიქრისკენ შემობრუნდნენ.

ალბათ ოცნებაა ისიც, რომ მინდა ვეხმარებოდე ადამიანებს, მორალურად, ფსიქოლოგიურად, მატერიალურად, თუმცა ხშირად რაღაცის ნაკლებობის გამო არ გამომდის ეს, რაღაც კონკრეტული იარაღი არ მაქვს, რომლის საშუალებითაც ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანებს დავეხმარები.

მიზნები და ოცნებები, რომლებიც არ ახდა...

რაღაც პერიოდი ვფიქრობდი, რომ როკმუსიკოსობა იყო ის, რაც მე მინდოდა და მჭირდებოდა, ცოტა ხანი გიტარაზეც ვუკრავდი, როკერივითაც გამოვიყურებოდი, თუმცა რა თქმა უნდა, ეს უფრო ჰობად დარჩა და ფრთები არ შეესხა.

სამომავლო გეგმები და მომავლის იმედი....

სამომავლო გეგმებზე საუბარი ახლა ცოტა რთულია ჩემთვის, ფარ-ხმალი რომ არ უნდა დავყარო და გავაგრძელო იმ საქმის კეთება, რასაც ვაკეთებ, აი, ასეთ სიტუაციაში ვარ, მინდა, რომ ვხატო, სანამ ვიქნები.

ახლა მხატვრობაში შემოქმედებითი კრიზისი მაქვს, ამიტომ ახალი ნოველის წერა დავიწყე, ალბათ შემდეგ ხატვისთვის მუზაც დაბრუნდება, თუმცა ბოლო გამოფენის შემდეგ მივხვდი, რომ თითქოს ხალხმა დაკარგა ინტერესი ამ ყველაფრის, უკვე აღარ ვიცი, რა უნდა შევთავაზო ახალი და განსაკუთრებული საზოგადოებას, თუმცა ვიცი, რომ მაქვს ამის პოტენციალი, რომ შევქმნა რამე ახალი, უბრალოდ ცოტახნით დაფიქრება, ცოტა მეტი მოტივაცია  მჭირდება და გააზრდება რა სჭირდება ხალხს, ახლა ვწერ, ახალ ნოველაზე ვმუშაობ, ამ მომენტისთვის მნიშვნელოვანი ეს არის. შეიძლება, მოულოდნელად წერის დროს მომინდეს რამის დახატვა და ამან ახალი გამოფენის იდეაც შექმნას.

ჩემ ახლანდელ ნახატებში არის ძალიან დიდი ტკივილი, თუ როგორ შეიძლება, ფერფლიდან წამოდგეს ადამიანი, რომელიც შესაძლოა, კომატოზურ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, ყველა ადამიანის კეთილი ნებაა, რომ თავისი ემოციები გამოიტანოს გარეთ და ადმაიანებს აჩვენოს რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ყველა რთული პერიოდიდან შეიძლება, ადამიანი აღსდგეს. სწორედ ამიტომ მე გამოვიჩინე ბოლო, უკანასკნელი ძალა, რომ ყველასთვის მეჩვენებინა, რომ სიცოცხლე უნდა გააგრძელო და ყოველთვის წამოდგე....

როგორ ფიქრობ ვინ იქნები 10 წლის შემდეგ ?

მგონია, რომ შეიძლება 10 წლის შემდეგ ამერიკაში ვიყო, არ ვიცი ეს უფრო მგონი მიზანია და დიდი იმედი მაქვს, ასე იქნება...

მინდა, რომ ამერიკაში ვიყო 10 წლის შემდეგ, გამოფენები გავმართო სხვადასხვა გალერიებში და ზუსტად ვიცოდე, რისი ნახვა სჭირდება ხალხს. მინდა, რომ ჩემ მიმდინარეობას ჩავუყარო საფუძველი, რომელიც ბევრი ადამიანისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოში ახლა არ არის ამის მზაობა. საზოგადოება ვერ იღებს სიახლეებს და მერე შენი მოტივაციაც ქრება თითქოს. ამიტომ მინდა, რომ წავიდე და იქ ვიყო, სადაც ყველაფერი ახალი მნიშვნელოვანი და მისაღებია.

როგორ ქვეყანაში გინდა, რომ  ცხოვრობდე....

პირველ რიგში ეკონომიკურად  უზრუნველყოფილში, რთულია საქართველოში, რამის შექმნა, რადგან მატერიალური და სოციალური მდგომარეობაა გამოსასწორებელი...

როდესაც შენ ქმნი ნახატს, პიესას, გამოსცემ წიგნს, ვინ უნდა იყიდოს შენი ნამუშევარი, ვინ უნდა მოვიდეს თეატრში სპექტაკლისთვის, როდესაც ადამიანებს, უჭირთ და შიათ, ხელოვნებისადმი შიმშილის გრძნობა მაშინ გაუჩნდება ადამიანს, როდესაც ბუნებრივ მოთხოვნილებებს დაიკმაყოფილებს და კარგად იქნება, ამიტომ პირველი რაც მინდა, ქვეყანაში გამოსწორდეს, არის სოციალური მდგომარეობა, რომ მერე ადამიანებმა, გამოფენებზე, კონცერტებზე, სპექტაკლებსა და წიგნის პრეზენტაციებზე სიარული შეძლონ.

ბოლო გამოფენაზე ბევრ ადამიანს ველოდებოდი და ძალიან ცოტა ხალხი მოვიდა. რომ დავფიქრდი მივხვდი, რომ უბრალოდ მათ არ ჰქონდათ საშუალება მოსვლის, განა ინტერესი არ გააჩნდათ, უბრალოდ საშუალება არ ჰქონდათ...

ბედნიერი ვიქნები, თუ ამის პრობლემა აღარ იქნება ჩვენს ქვეყაანაში.

როდის გრძნობ თავს ბედნიერად და რა არის შენთვის ბედნიერება...

ბედნიერს გამხდის ის ფაქტი, რომ  შევქნმა რამე ისეთი, რაც მართლა სიცოცხლის ღირსი იქნება.

მე ვფიქრობ, რომ ბედნიერების ძიების პროცესი დაუსრულებელია, როცა ადამიანი ვითარდები და ქმნი რამეს, მგონია, რომ სულ გექნება ბედნიერების მოთხოვნილება შენს განვითარებასთან ერთად.

რაღაც საქმეებში მიმიღწევია  ბედნიერებისთვის, თუმცა სიყვარულის ბედნიერება ჯერ არ მწვევია.

ბედნიერებას მომანიჭებს იმ ადამიანების ხილვა, ვინც ნიჭს უაზროდ არ დაკარგავს და თავის შესაძლებლობებს ბოლომდე გამოიყენებს. ნიჭის უაზროდ გაფლანგვაზე ყოველთვის გული მტკივა, როცა ვიაზრებ, რომ  ადამიანი ბოლომდე  ვერ შედგა...

ძალიან დიდი ძალა გჭირდება, რომ სიზარმაცე  დაძლიო და გააკეთო ყველაფერი იმისთვის, რომ შექმნა ის, რაც მერე გაგაბედნიერებს... მეც  გამიფლანგავს უაზროდ  ნიჭი  და ვერ გამოვიყენე ბოლომდე ჩემი შესაძლებლობები.