მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის 7 აგვისტოს, თავის სამხედროებს აიძულა ჩაედინათ დანაშაული - თინა კანდელაკი
მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის 7 აგვისტოს, თავის სამხედროებს აიძულა ჩაედინათ დანაშაული - თინა კანდელაკი

A+ A-

13:50 10/08/2019

რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა ჟურნალისტმა თინა კანდელაკიმ თავის „ტელეგრამ“ გვერდზე 2008 წლის აგვისტოს ომს პოსტი მიუძღვნა. ის ომის დაწყებაში ბრალს სააკაშვილს უყენებს და აცხადებს, რომ საქართველომ ისტორიის წინაშე დანაშაული ჩაიდინა.

„ყველაზე საშინელი, რაც შეიძლება გააკეთოს სახელმწიფოს ხელმძღვანელმა  - ეს სამშობლოს ღალატია, ქვეყნის დაწვა საკუთარი ამბიციების კოცონზე. სწორედ ეს გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის 7 აგვისტოს, როდესაც აიძულა თავის სამხედროებს ჩაედინათ დანაშაული ისტორიის წინააღმდეგ და უდანაშაულო ხალხის სისხლით, შექმნა ნაპრალი ახლობელ ერებს შორის“, - წერს კანდელაკი.

მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომი უდიდესი ტრავმა იყო, რის გამოც ქართველებს უჭირდათ შეცდომის აღიარება.

„2008 წლის აგვისტო იმ მასშტაბის ტრავმა აღმოჩნდა, რომ ბევრ ქართველს გაუჭირდა შეცდომის აღიარება, რომელიც სააკაშვილმა ჩაიდინა. მას თავი იმპერატორად მიაჩნდა. დისკუსიების ამ თემაზე გაყინული იყო მრავალი წლის განმავლობაში, მაგრამ დღეს ვხედავ, რომ ზოგიერთი პროდასავლელი ქართველი აღიარებს, რომ ომს სააკაშვილის მომხრეები ამზადებდნენ. 

დღეს ექსპრეზიდენტი სახლს იშენებს კიევთან, ოდესის გუბერნატორობისკენ მიიწევს და პროგრესიული ლიბერალის როლის თამაშს განაგრძობს, ისე რომ არ იმჩნევს სისხლიან ბეჭედს შუბლზე. ამერიკულმა და ევროპულმა ესტებლიშმენტმა გეოპოლიტიკური ბრძოლის გამო მას ყველა ცოდვა აპატია“,- აღნიშნავს თინა კანდელაკი.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა.  ზუსტად 11 წლის წინ საოკუპაციო რეჟიმმა 50-ზე მეტი ქართული სოფელი გაანადგურა. ამ დრომდე რუსი სამხედროები აკონტროლებენ 100-ზე მეტ ქართულ სოფელს, სადაც მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ მოსახლეობას საკუთარ ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილება ეზღუდება.

400-ზე მეტი დაღუპული, 2-ათასამდე დაჭრილი და იძულებით გადაადგილებული 130-ათასი ადამიანი - ეს 2008 წლის ომის შედეგია.