ვიღაცას ძალიან უნდა, გუგუტიანთკარში პროცესი გაამწვავოს - ციხელაშვილი
ვიღაცას ძალიან უნდა, გუგუტიანთკარში პროცესი გაამწვავოს - ციხელაშვილი

A+ A-

15:29 12/08/2019

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას ძალიან უნდა გუგუტიანთკარში პროცესი გაამწვავოს, ასე აფასებს  შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი 

ქეთევან ციხელაშვილი  „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გუგუტიანთკარში ხელისუფლების წარმომადგენლები ჩასულები არ ყოფილან.

„სხვადასხვა მედიასაშუალებებმა, მათ შორის „რუსთავი2“-მა, ფაქტობრივად პირდაპირ ეთერში გააშუქეს და ჰქონდათ ჩართვა ჩემი წარმომადგენლებისა, როდესაც ისინი, რვა აგვისტოს, ადგილზე ვითარების გასაცნობად და მოსახლეობასთან შესახვედრად გუგუტიანთკარში იმყოფებოდნენ. ასევე, სხვათა შორის, იქ იმყოფებოდა პარლამენტის აპარატის წარმომადგენელი და მუდმივად არიან შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები. ძალიან კარგად იცით, რომ ამ დღეებში ყველა მედიასაშუალებას ჰქონდა ადგილზე წვდომა და ამომწურავი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა“,- აცხადებს ციხელაშვილი.

ციხელაშვილის თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ბორდერიზაციის პროცესი შეჩერდეს. 

„ყველა მოქმედებას აქვს მიზანი. მიზანი ის არის, რომ ეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი შეჩერდეს და მოსახლეობას დავეხმაროთ. ამისათვის ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ. რაც შეეხება 7 აგვისტოს ეპიზოდს, თითოეულმა სახელმწიფო სტრუქტურამ მყისიერად აამოქმედა ხელთ არსებული ყველა მექანიზმი. 7 აგვისტოსვე რამდენჯერმე ამოქმედდა ცხელი ხაზი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა არაერთი კომუნიკაცია საერთაშორისო აქტორებთან, ორგანიზაციებთან, რათა პროცესი შეჩერებულიყო. ამ ეტაპზე პროცესი შეჩერებულია. ყველამ კარგად ვიცით, რომ მიმდინარე ოკუპაციის პირობებში ვცხოვრობთ და ამ ფონზე ამ თემით მანიპულირება და არასწორი ინფორმაციის გავრცელება სხვა არაფერია თუ არა პროვოკაცია და დამაზიანებელია. მეტიც, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას ძალიან უნდა ეს პროცესი გაამწვავოს. ნებით თუ უნებლიედ ამას უწყობს ხელს. მინდა კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ და გთხოვოთ, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ საკითხებს, რადგან ამ ყველაფრის უკან არიან ადამიანები, რომელთაც ეს ყველაფერი ეხებათ, ამ ყველაფრის უკან არის ჩვენი ქვეყანა და არც ეს ქვეყანა, არც ეს ადამიანები და არც ეს თემები არ არის სათამაშო“, -  განაცხადა ციხელაშვილმა .