იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება განახლდა
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება განახლდა

A+ A-

10:23 13/08/2019

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორი კანდიდატი გაივლის გასაუბრების პროცესს. საბჭოს წევრთა კითხვებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადი ჩანტლაძე და დამოუკიდებელი ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე უპასუხებენ.

გასაუბრების პროცესი 10:00 საათზე განახლდა.

საბჭოს არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს კითხვები ქეთევან ცინცაძის მოტივაციასთან დაკავშირებით აქვს. არამოსამართლე წევრს აინტერესებს, რატომ გადაწყვიტა დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე ახლად დანიშნულმა ცინცაძემ უზენაეს სასამართლოში გადასვლა და რა დამსახურებით მოხვდა 50-კაციან სიაში.

საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი კი ირწმუნება, რომ ქეთევან ცინცაძეს მისი ამჟამინდელი თანამდებობა არ ზღუდავს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კონკურში მონაწილეობა მიიღოს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო და საბჭო 50 კანდიდატიდან 44-ს უკვე გაესაუბრა.

50-ვე კანდიდატთან გასაუბრების დასრულების შემდეგ კი საბჭო ფარული კენჭისყრით 20 კანდიდატს შეარჩევს და პარლამენტს დასამტკიცებლად სავარაუდოდ აგვისტოს ბოლოს გადაუგზავნის.