კეზერაშვილთან მიმართებაში არსებული კითხვები დაანონსებული ტელევიზიის გახსნას არ უკავშირდება - ვოლსკი
კეზერაშვილთან მიმართებაში არსებული კითხვები დაანონსებული ტელევიზიის გახსნას არ უკავშირდება - ვოლსკი

A+ A-

10:41 13/08/2019

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილსა და კიდევ ერთი მაღალჩინოსნის საქმეზე.

ვოლსკი დასძენს, რომ დავით კეზერაშვილმა საქართველოშიც ბურუსით მოცულ ვითარებაში დატოვა თავდაცვის მინისტრის თანამდებობა.

„იქამდე რამდენადაც ვიცი, დეკლარირებული არ ჰქონდა ქონება, თუმცა ომის შემდეგ ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიაში მილიარდობით ბრუნვა გამოვლინდა. გარდა ამისა, არის თემები, რომელიც ეხება პროკურატურის მიერ მიმდინარე გამოძიებას. ერთი არის საფინანსო გადაცდომების საკითხი და 7 ნოემბრის დარბევის საკითხი“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

დეპუტატის შეფასებით, დავით კეზერაშვილთან მიმართებაში პროკურატურის დაინტერესება ლეგიტიმურია. აქვე, გია ვოლსკი ირწმუნება, რომ დავით კეზერაშვილთან მიმართებაში არსებული კითხვები დაანონსებული ტელევიზიის გახსნას არ უკავშირდება და აქვე ამბობს, რომ დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში პროკურატურის დაინტერესება პოლიტიკურ ან მედიაში საქმიანობასთან დაკავშირება „მოდური“ ქცევა გახდა.

„ძალიან მოდაში შემოვიდა, რომ ყველაფერი უკავშირდება ან პოლიტიკას, ან ტელევიზიის დაარსების გეგმას, მაგრამ ჩვენ რეალურად ვხედავთ, რომ დანაშაულის ნიშნები არსებობს. დანაშაულის ნიშნების არსებობაზე გამოძიების არჩატარება ნიშნავს, რომ ადამიანი გაშინებს, ან ინდულგენციას ყიდულობს თავისი პოლიტიკური გეგმების განცხადებით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ისრაელი კეზერაშვილის დევნას იწყებს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ გამოძიება იარაღით უკანონო ვაჭრობის და საერთაშორისო კორუფციული გარიგებების საქმეზე მიმდინარეობს.