ალმაზბეკ ატამბაევს ბრალი სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში დასდეს
ალმაზბეკ ატამბაევს ბრალი სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში დასდეს

A+ A-

10:45 13/08/2019

ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს ბრალი სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში დასდეს.

როგორც ქვეყნის ნაციონალური უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ, ოროზბეკ ოპუმბაევმა განაცხადა, ალმაზბეკ ატამბაევი „აპირებდა გადატრიალების მოწყობას“.

„მას სურდა სისხლისღვრა, რათა სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო. ეს წინასწარ იყო ჩაფიქრებული“ – განაცხადა ყირგიზეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელმა.

ატამბაევს მისი დაკავების დროს სპეცრაზმელის მკვლელობასა და მასობრივი არეულობის მოწყობაში ადანაშაულებენ.

ალმაზბეკ ატამბაევი 8 აგვისტოს დააკავეს. მისი დაპატიმრების მიზნით ჩატარებული სპეცოპერაცია 24 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. სპეცრაზმელებსა და ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებს შორის შეტაკებისას 100 ადამიანი დაშავდა, ერთი სპეცრაზმელი კი დაიღუპა.

ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტს კორუფციასა და კრიმინალურ ავტორიტეტ აზიზ ბატუკაევის უკანონო გათავისუფლებასაც ედავებიან. მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.