“ქართული ოცნება“ არასდროს ითანამშრომლებს დამნაშავე ძალასთან - ბახტაძე
“ქართული ოცნება“ არასდროს ითანამშრომლებს დამნაშავე ძალასთან - ბახტაძე

A+ A-

12:24 13/08/2019

„სატელიტი პარტიები არის იმ ზღაპრების ნაწილი, რის პროპაგანდასაც სამწუხაროდ ჩვენი ოპონენტების უპასუხისმგებლო ნაწილი აკეთებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ოპონენტების განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა, რომლის თანახმადაც „ქართულმა ოცნებამ“ კოალიციური მთავრობის დასაკომპლექტებლად შესაძლოა, სატელიტი პარტიები შექმნას.

მისი თქმით, 2020 წელს ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს. ამასთან, როგორც პრემიერი ამბობს, პროპორციული საარჩევნო სისტემის და ნულოვანი ბარიერის პირობებში კოალიციური მთავრობის შექმნის ალბათობა იზრდება.

მამუკა ბახტაძის თქმით, „ქართული ოცნება“ არასდროს ითანამშრომლებს დამნაშავე ძალასთან, თანამშრომლობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ ძალებთან, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ცივილიზაციურ არჩევანს იზიარებს, რომ საქართველო გახდეს ნატო-სა და ევროკავშირის წევრი.

„ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, ბუნებრივი ბარიერით, რა თქმა უნდა, იმის ალბათობა, რომ კოალიციური მთავრობა შეიძლება იყოს, მნიშვნელოვნად იზრდება. მაგრამ ერთადერთი ვინც მიიღებს გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ეს არის ქართველი ერი, არჩევნების დროს. აქედან გამომდინარე, წინასწარ მოვლენებს არ გავუსწროთ, მე ისიც შემიძლია გითხრათ, რომ „ქართული ოცნება“ არასდროს ითანამშრომლებს დამნაშავე ძალასთან. ჩვენი გუნდისთვის, ჩვენი ქვეყნის ცივილიზაციური არჩევანი, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირისა და ნატოს სრულფასოვანი წევრი, არის აბსოლუტური პრიორიტეტი. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მომავალში ჩვენი თანამშრომლობა შესაძლებელი იქნება იმ ძალებთან, რომლებიც ამ სულისკვეთებას იზიარებენ, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, თითქმის 1 წელია დარჩენილი არჩევნებამდე და ერთადერთი ვინც ამის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს, იქნება ქართველი ამომრჩეველი. ყველაფერი სხვა, სამწუხაროდ რომელსაც ჩვენ ვისმენთ ოპოზიციის უპასუხისმგებლო ნაწილისგან, არის ტყული, დეზინფორმაცია და იაფფასიანი პოლიიტკური ზღაპრები“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.