“კავკასია“ შეიძლება, გადარჩეს - არჩილ გამზარდია
“კავკასია“ შეიძლება, გადარჩეს - არჩილ გამზარდია

A+ A-

15:13 13/08/2019

“ტვ პირველის“ შემთხვევაში საბოლოო ჯამში იგივე შედეგი დადგება, რაც მოუვიდა ტელეკომპანია “იბერიას“, “რუსთავი 2“-ს, “საზოგადოებრივ მაუწყებელს“, რომელიც გარკვეული პერიოდი თავისუფლად სუნთქავდა, - ამის შესახებ  “2020NEWS” -ს ჟურნალისტმა და ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ განუცხადა.

მისი თქმით,  თავისუფალ და კრიტიკულ მედიაზე შეტევა დღეს არ დაწყებულა და ეს პროცესი გაცილებით ადრე იღებს სათავეს.

გამზარდიას განმარტებით,  მედიის წინააღმდეგ წარმოებული პროცესები ემსახურება იმას, რომ ქვეყანაში თავისუფალი და კრიტიკული მედია არ არსებობდეს და მედიალანდშაფტზე მხოლოდ სახელისუფლებო ტელევიზიები იყვნენ.

- მას შემდეგ რაც გუშინ ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის გაყიდვა დაანონსა, დღეს ვხედავთ, რომ “ტვ პირველზე“ განხორციელდა კიბერთავდასხმა, რა კავშირს ხედავთ ამ ორ პროცესში და არის თუ არა ეს თავდასხმა თავისუფალ და კრიტიკულ მედიასაშუალებებზე? 

- დღეს შესაფასებელი აღარაფერი დარჩა, ეს ყოველივე შესაფასებელი იყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პრობლემები ჰქონდა ტელეკომპანია  “იბერიას“ და უცნაური პროცესები დაიწყო “რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ.
უნდათ, რომ თავისუფალი და კრიტიკული მედია აღარ არსებობდეს და დღეს რაც ხდება, არის იმ პროცესების გაგრძელება,  რაც ადრე დაიწყო. 

წინა ხელისუფლებაც ფიქრობდა, რომ თუკი კრიტიკული მედია არ იარსებებდა, ხალხი ბედნიერად იგრძნობდა თავს და ამ ყველაფერს ძალიან უხეში, დესპოტური ფორმით აკეთებდნენ. დღეს კი ამ ყველაფერს შედარებით დახვეწილად აკეთებენ, მაგრამ შედეგი იგივეა.

 - თქვენი აზრით, როდესაც ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს  რამდენიმე მილიონიანი დავალიანება აქვს და პარალელურად კომპანიის წილებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავა მიმდინარეობს, რამდენადაა შესაძლებელი, “კეთილსინდისიერი მყიდველი“ გამოჩნდეს? 

-  “კეთილსინდისიერი“ ამ შემთხვევაში სამართლებრივი ტერმინია ამიტომაც “კეთილსინდისიერი მყიდველი“ არის ის, ვინც ქონება იყიდა და მორჩა. ტელევიზიის გაყიდვა თავიდან ბოლომდე, რომ პოლიტიკური პროცესია, ცხადად მოჩანს, ამიტომაც ამ მოტივებით გამოუჩნდება მყიდველიც. ალბათ “რუსთავი2“-ის გაყიდვა პრობლემა არც გახდება.
სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ რაც ტელეკომპანია ხალვაშს დაუკანონდა ჩვენ ვთქვით,რომ  “რუსთავი 2“ გაიყიდებოდა, იმიტომ, რომ  ხალვაშის გადმოსახედიდან ჩანდა, რომ სჯობდა, ტელეკომპანიას ახალი მფლობელი ჰყოლოდა და ამით თავიდან აეცილებინა ახალი სამართლებრივი დავა.

შემდეგი ნაბიჯი იქნება  “ტვ პირველის“ პროცესი, რომლის შემთხვევაშიც საბოლოო ჯამშიც იგივე შედეგი უნდა დადგეს, რაც მოუვიდა ტელეკომპანია “იბერიას“,“რუსთავი 2“-ს, “საზოგადოებრივ მაუწყებელს“, რომელიც გარკვეული პერიოდი თავისუფლად სუნთქავდა და ასევე აღსანიშნავია, ერთ-ერთი კრიტიკული ტელევიზიაა “კავკასია“ რომელიც დღეს ფინანსურად საკმაოდ მძიმე პირობებშია.

- ფიქრობთ, რომ შემდეგი შეიძლება ტელეკომპანია “კავკასია“ იყოს ?

 - დიახ, როგორც ხედავთ, ეს პროცესები ყველა ამ ტელევიზიაში ერთდროულად მიმდინარეობს. თავის დროზე მოისინჯა ერთი ორი არხი, როდესაც დაიხურა და პრობლემები შეექმნა, შემდგომ მიყვნენ სხვებიც.

“კავკასია“ საკმაოდ მოკრძალებული რესურსებით არსებობს, ეს ძალიან მძიმე შესამჩნევი არ იყო მაგრამ, დღეს საკმაოდ მძიმე პრობლემები აქვს.“რუსთავი 2“ უკვე დასრულებული თემასავით არის, თუმცა რაღაც შანსები თუ არსებობს, საზოგადოება ზემოქმედებას მოახდენს.

ახლა მიდის დარჩენილ 2 ტელევიზიაზე “კავკასიაზე“ და “ტვ პირველზე“ მუშაობა. შეიძლება, ხელისფლების სათქმელად, რომ ჰქონდეს, ქვეყანაში არსებობს დემოკრატიაო, “კავკასია“, როგორც მოკრძალებული ტელევიზია, გადარჩეს.

ეს არის ერთი პროცესი “სახელმწიფო ბედნიერია, უბრალოდ ხალხი ვერ გრძნობს“.

ტელევიზია, მედია, პრესა უშლის ხელს და როგორც კი კრიტიკული მედიასაშუალებები დაიხურება, მერე ხალხი ამ პროპაგანდის ნაწილი გახდება. ჩვენ ახლა ამას ვადევნებთ თვალს. ეს გამოცდილება უკვე გავლილი გვაქვს და ამას შეიძლება, ბევრად უარესი შედეგები მოჰყვეს, რადგან არსებობს ხალხის ნეგატიური ენერგია, რომელიც ამ ტელევიზიების საშუალებებით გაედინებოდა ხოლმე.

რაღაც დროის შემდეგ ამ პროცესის შედეგები  შეიძლება, უკუშეუქცევადი გახდეს.

- გავრცელებული ინფორმაციით “რუსთავი 2“-ს ახალ მფლობელებად 2 კანდიდატურა მოიაზრება, ესენია გია ჯოხთაბერიძე და ვანო ჩხარტიშვილი, როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია  ამ ორი კანდიდატურიდან ერთ-ერთი ტელეკომპანიის ახალი მფლობელი გახდეს და მათ მიღმა რა ინტერესები შეიძლება იდგეს ?

 - შესაძლებელია, ამ ორი კანდიდატიდან ვიხილოთ ერთ-ერთი “რუსთავი 2“-ის  ახალ მფლობელად, მაგრამ ვეჭვობ, რომ ეს გია ჯოხთაბერიძე იყოს. ჯოხთაბერიძე ნაკლებად ცდილობს, პოლიტიკურ პროცესებში პირდაპირი ჩაბმულობა გამოავლინოს. რაც შეეხება ჩხარტიშვილს, იგი საკმაოდაა ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, თუმცა ის რუხი კარდინალის როლს ითავსებს, ამიტომ შეიძლება, მისი ფულით მაგრამ სახელდებულად სხვის მიმართ დაფიქსირდეს ეს შესყიდვა.
 ეს იქნება ხელისუფლებისათვის შეძენილი და იმ პროპაგანდისთვის, რაც მიდის სხვადასხვა არხზე.

თუ ეს პირები იქნებიან „“რუსთავი 2“-ის ახალი შემსყიდველები, მივიღებთ “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ,“იმედის“ ,“მაესტროს“  ვარიაციებს  სახელისუფლებო პროპაგანდით.

ავტორი: ანა ქორჩილავა