მედია მედიას აღარ ჰგავს, მართლმსაჯულება - მართლმსაჯულებას - უსუფაშვილი
მედია მედიას აღარ ჰგავს, მართლმსაჯულება - მართლმსაჯულებას - უსუფაშვილი

A+ A-

16:01 13/08/2019

„ძალიან დიდი ხანია საქართველოში ცივი სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. ასეთ ვითარებაში მედია მედიას აღარ ჰგავს, მართლმსაჯულება მართლმსაჯულებას, ბიზნესი ბიზნესს“, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი “2020NEWS”-თან აცხადებს.

დავით უსუფაშვილისთვის მოულოდნელი არ ყოფილა ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის გაყიდვასთან დაკავშირებით.

„როდესაც „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშზე გადაფორმდა, პირველივე დღეებში ვთქვი, არ მჯეროდა, რომ მას ტელევიზია აინტერესებდა. პირიქით, დარწმუნებული ვიყავი, რომ მალევე შეეცდებოდა, თავიდან მოეშორებინა ის ბიზნესი, რომელიც მისი არასდროს ყოფილა და არასდროს აინტერესებდა. ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, როდესაც მან განაცხადა, რომ ეძებს მყიდველს“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

კითხვაზე, დგას თუ არა ამ ყველაფრის უკან ბიძინა ივანიშვილი, უსუფაშვილი პასუხობს: „ძალიან დიდი ხანია საქართველოში მიმდინარეობს ცივი სამოქალაქო ომი და ასეთ ვითარებაში მედია მედიას აღარ ჰგავს, მართლმსაჯულება მართლმსაჯულებას, ბიზნესი- ბიზნესს. აქ ისეა ერთმანეთში ჩახლართული პოლიტიკური, პერსონალური, ბიზნესი და სხვა ინტერესებi, რომ არაფერს გამოვრიცხავ „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებში“.

რაც შეეხება ტელეკომპანია „პირველს“, რომელზეც დღეს კიბერშეტევა განხორციელდა და არხი პარალიზებულია, დავით უსუფაშვილი ამასთან დაკავშირებით ამბობს: „ კიბერშეტევის წყაროზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა ფაქტია, რომ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ „ტვ პირველის“ გარშემო ძალიან უცნაური მოვლენები განვითარდა. მე კიდევ ერთხელ ვურჩევ მის მფლობელებს, რომ თავად გაასაჯაროონ ის ინციდენტი, რაც წელიწადნახევრის წინ მოხდა, და მე მგონი, ეს უკეთ გვიპასუხებს იმ კითხვებზე, რა ხდება „ტვ პირველის გარშემო“.

დავით უსუფაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნება“ წინამორბედის გზას დაადგა. „ამაში ისიც იგულისხმება, რომ უკვე ხელისუფლებაში ყოფნის 7 წლის შემდგომ ოპონენტების დისკრედიტაცია, გაჩუმებაა ერთდაერთი ბერკეტი მათ ხელში, რადგან საკუთარი მიღწევებით ხალხისთვის თავის მოწონება უკვე აღარ შეუძლიათ. ბუნებრივია, დაინტერესება, ოპონენტების და ზოგადად ოპონირების ინსტრუმენტების გაჩერებით თუ მოთვინიერებით, სრულიად აშკარაა“, - აცხადებს დავით უსუფაშვილი სააგენტოსთან საუბრისას.