"ნატო-ნატო"-ს ძახილი, რომელიც თავად აცხადებს, რომ არ გვაწევრიანებს, არც საგარეო კურსია და არც ვექტორი - ინაშვილი
"ნატო-ნატო"-ს ძახილი, რომელიც თავად აცხადებს, რომ არ გვაწევრიანებს, არც საგარეო კურსია და არც ვექტორი - ინაშვილი

A+ A-

18:17 13/08/2019

„ხელისუფლებას მკაფიოდ უნდა ესმოდეს, პოლიტიკური ველის დაყოფა პროდასავლურებად და პრორუსულ ძალებად, დამნაშავე ძალების წისქვილზე ასხამს წყალს“, - ასე ეხმაურება „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს, რომ კოალიციის შექმნისას მთავარი საზომი იქნება ვის რა საგარეო კურსი აქვს.

ირმა ინაშვილის თქმით, „პატრიოტთა ალიანსის“ საგარეო კურსია - ევროპა სამხედრო მიუმხრომლობით. ინაშვილი აქვე ამბობს, რომ „ნატო-ნატო-ს“ ძახილი არც საგარეო კურსია და არც ვექტორი.

„ჩვენ 2003-2011 წლებში კარგად ვნახეთ, რა პრინციპებით მართავდნენ სახელმწიფოს ეს თითქოსდა დასავლური ძალები. ეს იყო ტერორი, ტერორი და ტერორი! ახლაც იგივე სულისკვეთებით, დასავლურობის ნიღბის ქვეშ ცდილობენ სრულიად ბოლშევიკური მიზნების განხორციელებას. სხვათა შორის, ამას ბოლოს და ბოლოს უნდა მიხვდეს ჩვენი პარტნიორების ის ნაწილიც, რომელიც აქტიურად ლობირებდა და ლობირებს დამნაშავე ძალებს საქართველოში! სწორედ ამ ჯიუტი ლობირების შედეგია ის, რომ ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას ამერიკის ინსტიტუტებისადმი რწმენა და ნდობა შეერყა. ახლა უფრო კონკრეტულად საგარეო კურსის შესახებ: ჩვენი საგარეო კურსი,- ესაა ევროპა სამხედრო მიუმხრობლობით! ჩვენი საგარეო კურსი,- ესაა ავსტრია, შვეიცარია, ფინეთისა და შვედეთის მოდელების გაზიარება! ჩვენი საგარეო კურსი,- ესაა საქართველოსთვის უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველჰყოფა და "ნატო-ნატო"-ს ძახილი (რომელიც თავად აცხადებს, რომ არ გვაწევრიანებს) არც საგარეო კურსია და არც ვექტორი“, - წერს სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილი.