ომის დაწყებას ვერ ვიჯერებდი, სანამ “გრადების“ ხმა არ გავიგონე - სოხუმის მცხოვრები 27 წლის წინანდელ ამბავს იხსენებს
ომის დაწყებას ვერ ვიჯერებდი, სანამ “გრადების“ ხმა არ გავიგონე  - სოხუმის მცხოვრები 27 წლის წინანდელ ამბავს იხსენებს

A+ A-

13:46 14/08/2019

სოხუმში ომის დაწყებიდან 27 წელი გავიდა. ეს დღე ყველასთვის მძიმე და ტკივილით არის სავსე, თუმცა ამ დღის გახსენება ყველაზე მტკივნეული იმ ადამიანებისთის არის, ვინც წლებია მშობლიურ მხარეს მოწყვეტილია და აფხაზეთი ენატრება. 

სოხუმში მცხოვრები ნინო მირცხულავა იმ დღეს იხსენებს, როდესაც გაიგო, რომ ომი დაიწყო. 

„სოხუმი... 1992 წელი. 14 აგვისტო.. ნინოო „,გედი“ (ადექი) შვილო „გედი“!,სირცხვილია სტუმრები გელოდებიან! ოხ ,კარგი რა დედა „გედი„ კი არ გინდა მტრედი, მაცალე დაძინება! დილის 8 საათია სახლში ტრადიციულად მეზობლები გვყავს მოწვეული ხაშზე განურჩევლად ეროვნებისა! მე კიდევ თბილისელი სტუმრები ნინო და თამუნა მელოდებიან ზღვაზე წასასვლელად!

სხვა გზა არა მაქვს ავდექი, მოვწესრიგდი. დედა საჭმლით ხელში დამსდევს ( გოგოებს უკვე გამასპინძლებია), რომ არაფერი გამოსდის ჩანთაში მილაგებს, მე კიდევ გარეთ გამოსვლისას „შარიქას“ გადავუძახებ, კვალი რომ არ დარჩეს! ზაფხულის ლამაზი დილა იყო, მე და ჩემი გოგოები ჩვეულებრივად დავუყევით ჯგუბურიას ქუჩას ზღვის სანაპირომდე! უამრავი ხალხი ირეოდა, გოგოები ზღვაში ჩაცვივიდნენ, მე რატომღაც ფეხს ვითრევდი, გავჰყურებდი შორს სივრცეს და არც კი ვიცი, რაზე ვფიქრობდი, ზღვა ბრწყინავდა. მას კიდევ უფრო ამშვენებდა „კატამარანები“, თუ „ზღვის ველოსიპედები“, თუ„ კატერები“,თუ პატარა ბავშვები წითლად „დაბრაწულები,“ ეხლაც ჩამესმის ნაცნობი ხმები, თვალწინ მიდგას ნაცნობი სახეები, ჩამოსულებიც რამდენიც გინდა, ..დღის 1 საათისთვის უნივერსიტეტთან მოსულს, ჩემი სახლის ასახვევთან დედა შემეგება და ომის დაწყება მამცნო! მე ვერ ვიჯერებდი, სანამ „გრადების“ ხმა თავად არ გავიგონე,სახლში შემოვედი თუ არა ჩემი ბიძაშვილი დოდოსკენ გავიქეცი ,რომელიც ( გაგრიდან იყო ჩამოსული) ბავშვებთან ერთად ლოცულობდა, მეც მათ შევუერთდი და ვილოცეთ ბევრი. გაგრა... დამთავრდა ქალაქში სიცოცხლე,უბედურება დატრიალდა,ცხედრები, ძაძებში გახვეული შვილმკვდარი დედები....სოხუმშიც ფერი ეცვალა ზღვასაც და ცასაც! .ვერ ვიხსენებ ახლად დაწყებული ქარცეცხლიანი ომის დღეებში დრანდის აეროპორტში როგორ აღმოვჩნდით მე ,დოდო, და ბავშვები... დაჭრილები და დაღუპულები,შეშინებული, უსიცოცხლო მოქალაქეები, მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავი, რომელიც ათასეულობით ხალხში ვიდექი და ვლოცულობდი გადარჩენისთვის! თვითმფრინავზეც წეწვა -გლეჯვის შედეგად მოვხვდი და თბილისში ჩამოვფრინდი უვნებლად! ,მაგრამ ემოციები დღესაც დიდია... (ომის გაგრძელებაზე მერე ვისაუბრებ) 27 წელი ცრუ დაბრუნების მოლოდინის რეჟიმში „დევნილის“ სტატუსით,,ძმათა შორის ჩატეხილი ხიდი..  რატომ? რისთვის? ამდენი უდანაშაულო მსხვერპლი? ეს კითხვა დღესაც პასუხგაუცემელია!!! ჩემი მშობლიური სოხუმი მოგონებად მექცა,მაგრამ მე ოპტიმისტი ვარ და იმედს არ ვკარგავ... „ჩვენ დავბრუნდებით!!!!
სოხუმი (აფხაზეთი) ქართველების გარეშე ისეთივეა, როგორც ცა მზის გარეშე!“, - წერს ნინო მირცხულავა. 

დღეს აფხაზეთში ომის დაწყებიდან 27 წელი გავიდა.