მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესებთან დაკავშირებით - საგარეო უწყება
მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესებთან დაკავშირებით - საგარეო უწყება

A+ A-

14:10 14/08/2019

საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელების გამო. მსგავსი დესტრუქციული ნაბიჯები უკიდურესად ართულებს საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ახდენს უსაფრთხოების გარემოს შემდგომ დესტაბილიზაციას, – ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელებას.

“ქართული მხარე აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან და თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან, რათა მიღებულ იქნას ქმედითი ზომები აღნიშნული უკანონო პროცესის შეჩერების მიზნით.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესებთან დაკავშირებით”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს.

ანალოგიურ შემთხვევას 7 აგვისტოსაც ჰქონდა ადგილი, როცა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან განახლდა ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი. მოგვიანებით სამუშაოები შეწყდა.