ქართული საზოგადოება თუ არ გავმთლიანდებით, როგორ გავმთლიანდებით აფხაზებთან და ოსებთან?! - ზაქარეიშვილი
ქართული საზოგადოება თუ არ გავმთლიანდებით, როგორ გავმთლიანდებით აფხაზებთან და ოსებთან?! - ზაქარეიშვილი

A+ A-

15:43 14/08/2019

გორში, საოკუპაციო ხასთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარედ 7 აგვისტოს რუსული საჯარისო დანაყოფის წარმომადგებლები გამოჩდნენ და ისეთი კონსტრუქციები მიიტანეს, რომელზეც შემდგომ მავთულხლართს ამონტაჟებენ. ეს პროცესი აგვისტოს ომიდან 11 წლისთავს დაემთხვა. ბორდერიზაციის პროცესი დროებით შეჩერდა, თუმცა დღეს ოკუპანტებმა მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „2020NEWS”-სთან აცხადებს, რუსეთს როცა უნდა მაშინ ავლებს მავთულხლართებს, ეს უკანონობა და ოკუპაციის გაგრძელებაა, მაგრამ ამას აშკარად ისეთ დღეებს ამთხვევს, როცა ქართულ საზოგადოებაში დაძაბულობა მატულობს. რუსეთი ამ ტემპერატურას კიდევ უფრო წევს, რათა სიტუაცია უფრო მეტად დაძაბოს - ქართველებმა ერთმანეთს დააბრალონ რუსეთის აგენტობა.

„რუსეთს ეს კარგად გამოსდის. უნდა ვაღიაროთ, რომ თუ ვინმემ კარგად შეისწავლა ქართველების ბუნება, ეს არის რუსეთი. შესაბამისად იციან, როდის რა გააკეთონ. ჩვენ იმდენი ჭკუა არ გვყოფნის, ამას წინ აღვუდგეთ და მეტი გონიერებით დავუპირისპირდეთ, გვქონდეს დისკუსია და არა აღვირახსნილობით და შეურაცხყოფით ტემპერატურის აწევა. გული მწყდება, რომ ჩვენ ასეთ მოქმედებებს ასე ემოციურად აღვიქვამთ და არა პრაგმატულად და არა ისე, რომ ვიმუშაოთ საზოგადოების კონსოლიდაციისაკენ და ფრაგმენტაციისაკენ“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისი თქმით, ბორდერიზაციის ეს პროცესი 2008 წლის გაგრძელებაა, როცა აგვისტოს ომი მოხდა. მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები კი, რომლებიც ახლა ოპოზიციაში არიან, იმის მაგივრად, რომ თქვან - „ეს სამწუხაროდ იმის გაგრძელებაა, რაც მოხდა და ერთად რაღაც გავაკეთოთ“, ხელისუფლებას ამუნათებს და ეუბნება, რომ ვერაფერს აკეთებენ. ამ შიდა დაპირისპირებით კი, სწორედ რუსეთი სარგებლობს.

„ცუდი მაგალითია, მაგრამ როცა წითელ შუქზე მანქანა გაივლის, ავარიაში მოყვება ადამიანი და ჯანმრთელობას დაკარგავს, ეს დიდხანს მიყვება, ვიდრე ჯანმრთელობას არ გამოასწორებს. სამწუხაროდ ეს ყველაფერი 2008 წელმა მოიტანა. ის შედეგი, რაც დადგა, ეს არის 2008 წლის გაგრძელება.

ეს მოუგვარებელი კონფლიქტის სურათია, ამას პრაგმატულად უნდა შევხედოთ და მინიმუმამდე დავიყვანოთ ეს ყველაფერი. რუსეთმა ის ამოცანა მაინც არ უნდა შეასრულოს, რომ შიდა ქართულ კონტექსტში ვითარება დაძაბოს.

იმის ნაცვლად, რომ ოპოზიცია, რომლის დროსაც მოხდა ოკუპაცია, 2008 წელს, თქვას, რომ ეს სამწუხარო გაგრძელებაა იმის, რაც მოხდა, მოდი ერთად რაღაც გავაკეთოთ, აქეთ ამუნათებენ დღევანდელ ხელისუფლებას, რომელსაც ეს ყველაფერი დახვდა. ოპოზიცია ისე იქცევა, თითქოს რაღაც განსაკუთრებული ხდება, სამწუხაროდ დღეს არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, იმიტომ, რომ განსაკუთრებული მოხდა 2008 წელს.

თუ ჰაერი იწამლება, წყარო უნდა ნახონ, საიდანაც იწამლება ეს ჰაერი, თუ გაზით იწამლება, უნდა წახვიდე და გაზი გამორთო - ეს ყველაფერი 2008 წლიდან მოდის.

სამწუხაროდ ოპოზიცია ძალიან ეფექტურად იყენებს დღევანდელი ხელისუფლების გამოუცდელობას, ახალგაზრდობას, პოლიტიკის უცოდინარობას, არაკომპეტენტურობას, არაკვალიფიცირებულობას და ძალიან ეფექტურად უტევს.

კონსტრუქციულობაა საჭირო და არა ერთმანეთისთვის რაღაცის დაბრალება. როგორც კი ოპოზოცია ხელისუფლებას აბრალებს, ის მაშინვე ახსენებს 2008 წელს და მართალია.

შიგნით გადადის დაძაბულობა და რუსეთს ეს უხარია. რუსეთი ხედავს რომელი მოთამაშე როგორ თამაშობს და შემდეგ ნაბიჯს გეგმავს აქედან გამომდინარე. მან რომ დაინახოს, საქართველოში შიდა კონსოლიდაცია, შიდა სიმყარე, მდგრადობა, ნახოს, რომ ეს მავთულხლართების გავლება საზოგადოებაში დაძაბულობას არ იწვევს და კრავს, არ ვიცი გადაიფიქრებს თუ არა, მაგრამ მე მგონი მიხვდება, რომ მისი ეს მიზანი ვერ მიიღწევა - საზოგადოების გახლეჩვის.

გავრილოვმა ძალიან მაგარი საქმე გააკეთა რუსეთისათვის. ერთმა მისმა სკამში ჩაჯდომამ, ეფექტურად იმუშავა. რუსეთი ხვდება, რომ ქართველები მზად არიან, ერთმანეთს წაეკიდონ, ნებისმიერ მიზეზით, ამიტომ, ამას ეფექტურად აკეთებს.

ამიტომ, კეთილი ვინებოთ და თუ ვართ ერი, თუ ვართ საზოგადოება, ობიექტურად შევაფასოთ არსებული ვითარება. ჩვენ გვყავს ძალიან ცუდი, ძალიან ვერაგი, ცინიკური მოწინააღმდეგე რუსეთის სახით. მოდით რა ამან შეგვკრას, გაგვაერთიანოს და არ გაგვხლიჩოს“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა სააგენტოსთან საუბრისას და აქვე დასძენს: „ჩვენ, ქართული საზოგადოება თუ არ გავმთლიანდებით, როგორ გავმთლიანდებით აფხაზებთან და ოსებთან?! ჯერ შიგნით უნდა გავმთლიანდეთ“.

ავტორი: თაკო პაატაშვილი