ხელისუფლებაში გამოუცდელები არიან, არც ერთ მათგანს ცოცხალი აფხაზი და ოსი არ უნახავს, როგორც მარსიანელებს, ისე უყურებენ - ზაქარეიშვილი
ხელისუფლებაში გამოუცდელები არიან, არც ერთ მათგანს ცოცხალი აფხაზი და ოსი არ უნახავს, როგორც მარსიანელებს, ისე უყურებენ - ზაქარეიშვილი

A+ A-

17:15 14/08/2019

აფხაზეთში ომის დაწყებიდან 27 წელი გავიდა. რა ნაბიჯები გადაიდგა კონფლიქტის მოგვარების მიზნით, ამასთან დაკავშირებით კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი “2020NEWS” -თან საუბრობს.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, კონფლიქტის მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები არ იდგმება. არ არის ორმხრივი ურთიერთობები პოლიტიკურ დონეზე. არაფერი კეთდება, რაც მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლების გამოუცდელობაზე მეტყველებს.

„არაფერი არ კეთდება. „ნაციონალური მოძრაობა“ იმდენად ეფექტურად მართავს კონფლიქტის საკითხებს, კარგად მანიპულირებს, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ეშინია ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმის. ამიტომ, მთელი ნარატივი, კონფლიქტის მოგვარების, ეს არის რუსეთის წინააღმდეგ. დღეს არანაირი პოლიტიკური საუბარი არ მიმდინარეობს ოსურ და აფხაზურ მხარეებთან, ანუ მათ დე ფაქტო ხელისუფლებებეთან. მიდის მხოლოდ მოსახლეობისთვის რაღაცეების შეთავაზება. იგივე ჯანდაცვა, ბიზნესი, განათლება, მაგრამ ეს არის ქართული მხარის მიერ ცალმხრივად გადადგმული კარგი ნაბიჯები, რაც მისასალმებელია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ეს უნდა იყოს ნაწილი დიდი სტრატეგიისა.

ეს თვითონ ცალმხრივი ნაბიჯები ვერ იქნება სტრატეგია, ეს შეიძლება იყოს ნაწილი სტრატეგიისა. დიდი სტრატეგია კი არ ჩანს. დიდი სტრატეგიაა ქართულ- აფხაზური, ქართულ-ოსური მდგრადი, შეუქცევადი, თანმიმდევრული პოლიტიკის განხორციელება, რაც არ ჩანს, არის მხოლოდ ფრაგმენტები ამ ცალმხრივი ნაბიჯებისა. ჩემ დროს დაიწყო ჯანდაცვის პროგრამები, ეს ძალიან კარგია, ეს ცალმხრივი ნაბიჯები იყო, მაგრამ ჩვენ ამას ვამყარებდით ორმხრივი ნაბიჯებითაც. მაგალითად პატიმრების გათავისუფლებაზე ვმუშაობდით, ბევრი გამოვიყვანეთ და ა.შ. გარდა ცალმხრივი ნაბიჯებისა, საჭიროა ორმხრივი ურთიერთობები. ეს ორმხრივი ურთიერთობები პოლიტიკურ დონეზე არ არის. არაფერი არ კეთდება. ეს მეტყველებს იმაზე, რომ გამოუცდელები არიან, ახალგაზრდები არიან, არც ერთ მათგანს ცოცხალი აფხაზი არ უნახავს და ცოცხალი ოსი, ეშინიათ, მათ როგორც მარსიანელებს , ისე უყურებენ. გარდა ამისა ეშინიათ  ოპოზიციის“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

პაატა ზაქარეიშვილს ეჭვი ეპარება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე კონფლიქტების მიმართულებით რაიმე კარგი ნაბიჯი გადაიდგას.

„არჩევნებამდე ეჭვი მეპარება რამე გამოვიდეს. არჩევნები ძალიან დაძაბული იქნება. „ქართული ოცნება“ ისე მყარად ფეხზე არ დგას, ამიტომ, სიტყვაზე, რომ ვთქვათ, რა დროს კონფლიქტია, ასე საკითხის დაყენება ალბათ ლეგიტიმურიც იქნება, რადგან ეხლა კონფლიქტის მიმართულებით გადაიდგას რაიმე სერიოზული ნაბიჯი, შეუძლებელია. „ქართული ოცნება“ კონფლიქტების მოგვარების რაიმე თამამ ნაბიჯებს დღეს ვერ დაგეგმავს. არჩევნები რა შედეგსაც მოიტანს, იმ შედეგიდან გამომდინარე, მერე შეიძლება ვილაპარაკოთ რა უნდა გაკეთდეს კონფლიქტების მიმართულებით, დღეს საწმუხაროდ არჩევნებამდე ვერ ვხედავ გამოსავალს კონფლიქტის მიმართულებით, თუმცა, ცხოვრება გრძელდება და ყოველთვის გვაქვს ახალი შანსები. აგვისტოს ბოლოს აფხაზეთშიც ჩატარდება დე ფაქტო არჩევნები და ახალი რეალობა შეიქმნება, შეიძლება არც შეიქმნას. ალბათ არ შეიქმნება, მაგრამ შანსები არსებობს. კარგი ნაბიჯის გადადგმის შანსი თუ გაგვიჩნდება, უნდა გადავდგათ. მე ამას ვერ ვხედავ 2020 წლის არჩევნებამდე, მერე ვნახოთ“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა სააგენტოსთან საუბრისას.