ვერ ვხედავ შანსს, რომ ბორდერიზაციის პროცესი შეჩერდეს - მამუკა არეშიძე
ვერ ვხედავ შანსს, რომ ბორდერიზაციის პროცესი შეჩერდეს - მამუკა არეშიძე

A+ A-

16:49 15/08/2019

2008 წლის აგვისტოდან ომიდან 11 წლის თავზე 8 აგვისტოს რუსმა ოკუპანტებმა ბორდერიზაციის ე.წ. საზღვრის გადმოწევის პროცესი გუგუტიანთკარში დაიწყეს, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის სახნავ-სათესი მიწების საოკუპაციო ხაზს მიღმა მოქცევა მოჰყვა და მალე, შესაძლოა, ე.წ. საზღვარს მიღმა აღმოჩნდეს რამდენიმე საცხოვრებელი სახლიც.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “2020NEWS” კავკასიის საკითხებში ექსპერტს მამუკა არეშიძეს ესაუბრა, რომლის თქმითაც, რუსეთთან “ქართული ოცნების“ დაძაბული ურთიერთობის ფონზე შანს ვერ ხედავს ბორდერიზაციის პროცესის შეჩერებისა.

მისი თქმით, სახელმწიფოს გაუჭირდება ბორდერიზაციის შეჩერება ძალისმიერი მეთოდებით, იმიტომ, რომ ეს სამხედრო კონფლიქტს გამოიწვევს, პრობლემის აღმოფხვრისთვის მთავარი ბერკეტია დიპლომატიური არხები და დასავლეთის მკაცრი მექანიზმების ამოქმედება ამ პროცესების შესაჩერებლად.

- რამდენიმე დღეა, გუგუტიანთკარში ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობს და ე.წ. საზღვრის გადმოწევა მიმდინარეობს, როგორ ფიქრობთ ამის პარალელურად რამდენად ადექვატურ ნაბიჯებს დგამს ხელისუფლების პრობლემის აღმოსაფხვრელად და როგორ შეაფასებდით მიმდინარე პროცესებს ?

- გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესების პარალელურად ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები როგორ შეიძლება ადექვატური იყოს? ჩვენთვის, მოსახლეობისთვის ადექვატური პასუხი იქნებოდა ბორდერიზაციის შეჩერება და ე.წ. საზღვრის უკან გადაწევა, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ინტერესის საგანს არ წარმოადგენს შეუძლია, თუ არა ეს ყოველივე სახელმწიფოს. ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა იყოს დაცული, ეს არის მედლის ერთი მხარე. მედლის მეორე მხარეს კი არის ის, რომ სახელმწიფოს ძალიან გაუჭირდება ბორდერიზაციის შეჩერება ძალისმიერი მეთოდებით, იმიტომ, რომ ეს სამხედრო კონფლიქტს გამოიწვევს.

- აღნიშნულ შემთხვევაში რა გამოსავალს ხედავთ, როგორ უნდა მოგვარდეს ბორდერიზაციის პრობლემა?

- ამის შეჩერება შესაძლებელია დიპლომატიური არხებით, თუმცა დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით და რუსეთთან “ქართული ოცნების“ დაძაბული ურთიერთობის ფონზე ვერ ვხედავ შანსს, რომ ბორდერიზაციის პროცესი შეჩერდეს.

ჩვენ, რასაკვირველია, უნდა გამოვიყენოთ საერთაშორისო ფორუმები და ინსტიტუტები: გაერო, ევროპარლამენტი თუ სხვა რათა ბორდერიზაციის და ე.წ. საზღვრის უკანონო გადმოწევის საკითხი დავაყენოთ, თუმცა დღეს რუსეთი ისე ყინჩად გრძნობს თავს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის შენიშვნებს და სანქციებსაც კი არ იღებს. ასე რომ, ორ ცეცხლს შუა ვართ ჩავარდნილები.

ოპოზიცია, რასაკვირველია, უკიჟინებს ხელისუფლებას, რომ უფრო მეტი აქტიურობა მართებთ საერთაშორისო ასპარეზზე მაგრამ საერთაშორისო სარბიელზე შედეგი მაინც არ აქვს.

მინდა აღვნიშნო,  რომ საერთაშორისო დონეზე მხოლოდ შეშფოთებას არ გამოხატავენ, მათ აქვს შემაჩერებელი მექანიზმებიც და ამის დემონსტრირება რუსეთ-საქართველოსთან ომის დროს მოხდა.

იმ პერიოდში ომის შეჩერების და ენერგოკოლიდორების დაცვის თვალსაზრისით რუსეთი წინააღმდეგ სერიოზული მუქარები იყო, რომლის ინიციატორი არამარტო ის გავლენიანი და მსხვილი კომპანიები იყვნენ, რომელებიც ამ ენერგომატარებლების პატრონები არიან და არამედ ისეთი ქვეყანაც, როგორიცაა თურქეთი. მაშინ ერდოღანმა ძალიან მწვავედ დააყენა მახინჯაურის დაბომბვის საკითხი, აქ საუბარია პასუხის მკაცრ და კატეგორიულ მოთხოვნაზე, იქ გარკვეული სამხედრო კონფლიქტი არ იყო გამორიცხული.

- რა იგულისხმევა რუსეთის მიმართ მუქარაში, რა ტიპის მექანიზმი უნდა აამოქმედოს დასავლეთმა მის წინააღმდეგ?

- როცა მუქარას ვამბობ, არ ვგულისხმობ სამხედრო მუქარას შავი ზღვის აკვატორიაში ან სხვაგან. მე ვგულისხმობ პოლიტიკურ, ეკონომიკურ მუქარას. დასავლეთს შეუძლია, ამ კუთხით უფრო “აგრესიული“ იყოს. ჩვენ, რომ გავავლოთ პარალელი ბალკანეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ,რომ დასავლეთს უფრო მეტის საშუალება აქვს, რომ მოინდომოს. მოსკოვის გადმოსახედიდან დასავლეთში , ბალკანეთში იჩაგრება მისი ერთგული მოკავშირე სერბეთი, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი უკრაინა და საქართველო. სამწუხაროდ დასავლეთი კონიუქტურიდან გამომდინარე მოქმედებს, იმ კონკრეტული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე რა მოცემულობაც არის, ამას მოწმობს სირიაში და კავკასიაში განვითარებული მოვლენებიც, ასე რომ ჩვენ მართლაც ორ ცეცხლს შუა ვართ, ძალიან რთულია ამ სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა.

მე რა პრეტენზიასაც დავუყენებდი მთავრობას ის კი არ არის, რომ რატომ არ რეაგირებს ძალისმიერი მეთოდებით ან სხვა გზებით, ჩემი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არა გვაქვს შესაბამისი მრავალარხიანი საგზაო რუკა, რომელიც ოკუპაციის მდგომარეობა შეცვლიდა. ამ გეგმის არსებობა მდგომარეობას არ მოსპობდა, თუმცა შეცვლიდა და შეამსუბუქებდა ვითარებას.

გუგუტიანთკარის ბორდერიზაციაზე მეტად ქართველიზაციის პროცესი მაწუხებს, რომელიც გალის რაიონში მასიურად მიმდინარეობს, მიმდინარეობს არა გვარების შეცვლა, არამედ ეროვნების.

გინდ ბორდერიზაცია იყოს, გინდ ქართველიზაცია თუ სხვა მიდგომები, რომლის დემონსტრაციასაც ახდენენ დე ფაქტო ხელისუფლებები, სეპარატისტები, ეს ყველაფერი საქართველოს სახელმწიფოებრიობას სერიოზულ ჩიხამდე მიიყვანს და ცუდ შედეგებს მივიღებთ.

აუცილებელია ამ ინიციატივების პაკეტის არსებობა, რომელიც მდგომარეობას ნელ-ნელა შეცვლის, რომელშიც ჩართული იქნება სრულიად სახელმწიფო და არა ცალკეული სამინისტროები, რომლის მუშაობის ხარისხი არის ნულის ტოლი.

ავტორი: ანა ქორჩილავა