ირაკლი კობახიძე და ირაკლი შოთაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ და მის მოადგილედ ინიშნებიან
ირაკლი კობახიძე და ირაკლი შოთაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ და მის მოადგილედ ინიშნებიან

A+ A-

17:13 15/08/2019

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სავარძლის დაკავებისთვის ემზადება, მის მოადგილეობას უმიზნებს საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე.

როგორც "2020NEWS"-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლებს, ორი გადამდგარი მაღალჩინოსნის - ირაკლი კობახიძისა და ირაკლი შოთაძის საკონსტიტუციო სასამართლოში დაბინავება დადგება დღის წესრიგში.

ინფორმირებული წყაროს ცნობით, ეს საკითხი ბიძინა ივანიშვილთან უკვე შეთანხმებული და გადაწყვეტილია - საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სავარძელში ირაკლი კობახიძე ჩაჯდება, ხოლო მისი მოადგილის პოზიციას, ასევე გადამდგარი მაღალჩინოსანი, ირაკლი შოთაძე მოირგებს.

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობა უნდა. მან შესაბამისი გასაუბრებაც გაიარა და მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის მიერ კონტროლირებადი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება. თავაძე, რომელიც თავის დროზე, ზურაბ ადეიშვილის კადრი იყო, "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ დააწინაურა და თუ რამე არ შეიცვალა, გარანტირებული უვადო მოსამართლეობათაც დააჯილდოვებს.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს და ირაკლი შოთაძეს - პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე გავრილოვის საქმეს და ღამეს, ხოლო ყოფილი მთავარი პროკურორი ხორავას ქუჩის გახმაურებულ საქმეს გადაყვნენ.