მამუკა ბახტაძე "საქართველოს რკინიგზაში" ბრუნდება
მამუკა ბახტაძე "საქართველოს რკინიგზაში" ბრუნდება

A+ A-

11:12 17/08/2019

მამუკა ბახტაძე "საქართველოს რკინიგზაში" ბრუნდება. როგორც "2020NEWS"-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, მოქმედი პრემიერი საოქტომბრო სამთავრობო კარუსელის შემდეგ იქ დაბრუნდება, საიდანაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრად მოვიდა.

ბახტაძე, რომელიც თავადვე ადასტურებს, რომ შემოდგომაზე სამთავრობო ცვლილელები იქნება, პრემიერის რანგში სავარაუდოდ, ბოლოჯერ წარსდგება ყოველწლიური ანგარიშით, საქართველოს პარლამენტში საშემოდგომო სესიაზე და მალევე, მთავრობის აღმასრულებელ გუნდს ახალ პრემიერს გადააბარებს.

აღსანიშნავია, რომ მამუკა ბახტაძეს რკინიგზაში საკუთარი გუნდი დახვდება, რადგან "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე და მისი გარემოცვა, სწორედ ბახტაძის გუნდია.

შეგახსენებთ, მამუკა ბახტაძე საქართველოს პრემიერ მინისტრის პოზიციას 2018 წლის 20 ივნისიდან იკავებს. მინისტრთა კაბინეტში იგი 2017 წლის ნოემბერში მივიდა და ფინანსთა მინისტრი გახდა. მანამდე კი 2013-2017 წლებში "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი იყო.

2010-2012 წლებში ბახტაძე საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი იყო, რა დროსაც "ნაციონალურ მოძრაობას" საარჩევნოდ 20 ათასი ლარი შესწირა.

ცნობისათვის, პოლიტიკურ კულუარებში გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, მამუკა ბახტაძის "პოლიტიკური ნათლია" ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილია.