იტალიას შესაძლოა ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარების უფლება ჩამოერთვას
იტალიას შესაძლოა ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარების უფლება ჩამოერთვას

A+ A-

11:30 17/08/2019

იტალიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ჯოვანი მალაგო შიშობს, რომ ქვეყანაში არასტაბილური პოლიტიკური ვითარების და სპორტის შესახებ ახალი კანონის გამო, შესაძლოა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, იტალიას 2026 წელს მილანსა და კორტინა დამპეცოში ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარების უფლება ჩამოართვას.

იტალიელებმა ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება ივნისში მოიპოვეს, აგვისტოში კი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტსა და იტალიის ხელისუფლებას შორის ურთიერთობა დაიძაბა.

დაძაბულობის მიზეზი გახდა იტალიაში გატარებული სპორტის რეფორმა, რაც ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტისთვის დამოუკიდებლობის შეზღუდვას და სპორტული საქმიანობის ორგანიზებაში ძირითადი უფლებების მთავრობისთვის გადაცემას ითვალისწინებს.