მართლმადიდებელი ეკლესია ​ფერისცვალებას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია ​ფერისცვალებას აღნიშნავს

A+ A-

10:00 19/08/2019

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საზეიმო წირვას მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს.

სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.

ფერისცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა შორისაა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა. მაცხოვარს ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადნენ. ისინი უფალთან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში ელოდა. მოციქულებს შემდეგ თავს ელვარე ღრუბელი დაადგა, საიდანაც ღვთის ხმა ამბობდა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). ხილვით შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხნენ, როდესაც აიხედეს, მათ წინაშე მხოლოდ იესო იდგა. მან გააფრთხილა მომავალი მოციქულები, რომ ეს ამბავი არავისთვის ეთქვათ, ვიდრე მკვდრეთით არ აღდგებოდა.

იერუსალიმში ყოველწლიურად ხილული სამი სასწაული აღესრულება: აღდგომას ზეციური ცეცხლის გარდამოსვლა, ნათლისღებას (19 იანვარს), მდინარე იორდანეს უკუქცევა და 19 აგვისტოს, ფერისცვალების ღამეს თაბორის მთაზე ღრუბლის მისვლა.

ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ყურძენი და ხილი იკურთხება. მარხულთათვის ეს დღე თევზით ხსნილია.