“ფორსაჟი 9“-ის გადაღებები დღეიდან დაიწყო
“ფორსაჟი 9“-ის გადაღებები დღეიდან დაიწყო

A+ A-

10:41 19/08/2019

ჰოლივუდური ბლოკბასტერის "ფორსაჟი 9" - ის ეპიზოდების გადაღება თბილისში დღეიდან იწყება. ამის გამო, გადაკეტილია ვაჟა ფშაველას გამზირი - იქ ამჟამად გადასაღები მოედანია მოწყობილი. ფილმის გადასაღებად საჭირო ტექნიკური საშუალებების აწყობა კი საგამოფენო ცენტრ “Expo Georgia“−ს ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

საქართველოში გადაღებების წარმოებისათვის ბიუჯეტი 32 მილიონამდე ლარით არის განსაზღვრული. „ფორსაჟი 9“-ის გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგება, აქედან 425 ადგილობრივი პერსონალია. საქართველოში გადაღებებს ქართული საპროდუსერო კომპანია „ენკენი ფილმს ფფ9“ უზრუნველყოფს.

ფილმის გადაღებები პარალელურად მიმდინარეობს აშშ-ში და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. კონტრაქტის სხვა დეტალები, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და Universal Pictures−ს შორისაა გაფორმებული, ჯერჯერობით არ საჯაროვდება.

საქართველოში პირველი ჰოლივუდური ფილმის გადაღება 20 სექტემბერს დასრულდება. რაც შეეხება ცნობილ მსახიობებს, ისინი საქართველოში არ ჩამოდიან, მათ მაგივრად კასკადიორები იმუშავებენ. შეგახსენებთ, გადაღებებისთვის ძირითადი ადგილები თბილისსა და რუსთავში განისაზღვრა. კერძოდ, გადაღება განხორციელდება რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის, ბესარიონ ჟღენტის, ავთო ვარაზისა და უნივერსიტეტის ქუჩებზე, ასევე, რუსთავში ბაზრობის ტერიტორიაზე.