“რუსთავი 2“ - დან წასულ ჟურნალისტებს ეკო მაღრაძეც შეუერთდა
“რუსთავი 2“ - დან წასულ ჟურნალისტებს ეკო მაღრაძეც შეუერთდა

A+ A-

18:17 21/08/2019

“რუსთავი2“-დან წასულ ჟურნალისტთა სიას ეკო მაღრაძეც შეუერთდა. არხიდან წასვლის შესახებ ეკო მაღრაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. აღსანიშნავია, რომ “კურიერის“ კორესპონდენტი, სხვა კოლეგების მსგავსად შვებულებაში იმყოფება.

“პოსტი მშობლიური ხარაგაულიდან, სადაც შვებულებას ვატარებ. დასრულდა ჩემი 13 წლიანი ისტორია “რუსთავი2“-თან ერთად. ბევრი რამის თქმა შემიძლია, მაგრამ მოკლედ დავწერ. ამ ტელევიზიის დამსახურებაა, რომ ერთმა, ჩვეულებრივმა გოგომ, საზოგადოებაში თავისი, ძალიან პატარა ადგილი დავიკავე და ამდენი წელი იმ საქმეს ვემსახურე, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს. ისეთი რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება, რომ ვერავინ წარმოიდგენს რას ვგრძნობ ახლა,თუმცა ცხოვრებაში არაფერი მუდმივი არაა. რაღაცის დათმობა სულ გვიწევს. ამ ეტაპზე ასე გამოვიდა. წლების განმავლობაში იმ სიმართლის მჯეროდა, რასაც მაყურებელი ჩემგან ისმენდა და ახლა ვერაფრით ვერ ვილაპარაკებ სხვანაირ "სიმართლეს". ამ შეურაცხყოფას პირველ რიგში ჩემს თავს არ მივაყენებ, ამიტომ ჯობია აქ დასრულდეს. ნოდარ მელაძის არ იყოს, მეც შვილების გაჩენას ველოდები. ჰოდა, შვილების გაზრდასთან ერთად დამატებით თუ რაიმე საქმის კეთება მომინდა კიდევ, მაშინ გადავწყვეტ, სად და ვისთან ერთად ვიმუშავებ, რა თქმა უნდა, არა “რუსთავი2“-ში. ამ ეტაპზე მხოლოდ პირადი, ოჯახური ამბების დროა. პ.ს ოფიციალურ განცხადებას დავწერ, როგორც კი ჩავალ თბილისში. ეს პოსტი კი მხოლოდ იმიტომ დავწერე, რომ კითხვის ნიშნები აღარ იყოს ჩემთან დაკავშირებით“, - წერს ეკო მაღრაძე.

შეგახსენებთ, “რუსთავი 2 “-ში სიტუაცია გუშინ დაძაბულია. გუშინ არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამსახურიდან გათავისუფლდნენ ჟურნალისტები ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი გაბუნია და გიორგი ლაფერაშვილი.

საღამოს კი “კურიერის“ წამყვანებმა მიშა სესიაშვილმა და დიანა ჯოჯუამ პირდაპირ ეთერში განაცხადეს, რომ არხს ტოვებენ. დღეს კი წასვლის შესახებ განცხადებები “კურიერის“ კორესპონდენტებმაც გააკეთეს.