ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი

A+ A-

14:55 24/08/2019

გერმანიაში პანკისის მკვიდრ ზელიმხან ხანგოშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა ველოსიპედით გამვლელმა იმ დროს მიაყენა, როცა ის პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა.

რა გახდა მკვლელობის კონკრეტული მოტივი, ოჯახის წევრებს ამ თემაზე საუბარი უჭირთ. ისინი სოფელ დუისში სამძიმარს დილიდან იღებენ.

ხანგოშვილი ჩეჩნეთის ომის მონაწილე და ერთ-ერთი საველე მეთაური იყო. მისი სახელი და გვარი ლაფანყურის სპეცოპერაციის დროსაც ფიგურირებდა, რომელიც შეიარაღებულ დაჯგუფებასთან ახმედ ჩატაევთან ერთად მაშინდელი ხელისუფლების თხოვნით მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

ამ მოვლენებიდან სამი წლის შემდეგ ხანგოშვილი უცნობმა პირებმა თბილისში, მირზა გელოვანის ქუჩაზე მძიმედ დაჭრეს. ოპერაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაუტარდა, გამოჯანმრთელებიდან მალევე მან საქართველო დატოვა და უკრაინის შემდეგ საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა.

ხეობაში, ხანგოშვილების სახლთან იმყოფება მალხაზ მაჩალიკაშვილიც, რომელიც ზელიმხან ხანგოშვილის საქართველოდან წავლასში ხელისუფლებას ადანაშაულებს.

მაჩალიკაშვილს მიაჩნია, რომ 2015 წელს, მაშინ როდესაც ხანგოშვილს თბილისში სახლთან ოთხი ტყვია ესროლეს, ხელისუფლებამ გამიზნულად არ გამოიძია მომხდარი, რის გამოც ხანგოშვილი, უსაფრთხოებიდან გამომდინარე იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა.