სამართალდამცავებმა ვაკეში ქურდობის ოთხ ფაქტზე სამი არასრულწლოვანი დააკავეს
სამართალდამცავებმა ვაკეში ქურდობის ოთხ ფაქტზე სამი არასრულწლოვანი დააკავეს

A+ A-

10:34 27/08/2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ფაქტზე სამი არასრულწლოვანი – 2002 წელს დაბადებული ო.კ., 2001 წელს დაბადებული ე.ბ. და 2004 წელს დაბადებული დ.შ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ჯიპისის“ აფთიაქი, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე კვების ობიექტი „ბავარიული გრილი“, ამავე ქუჩაზე მდებარე ტურისტული კომპანია "time 2 trave"l-ის ოფისი და ნაფარეულის ქუჩაზე მდგარი „ბეემვეს“ მარკის ავტომანქანა გაქურდეს, საიდანაც სხვადასხვა დასახელების ნივთები მოიპარეს.  სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.