რატომ გაქრნენ ქართველი მილიონერები რუსული რეიტინგებიდან და ვინ არიან ალექსანდრე ჯაფარიძე და ვიაჩესლავ მირილაშვილი?
რატომ გაქრნენ ქართველი მილიონერები რუსული რეიტინგებიდან და ვინ არიან ალექსანდრე ჯაფარიძე და ვიაჩესლავ მირილაშვილი?

A+ A-

19:24 29/08/2019

საქართველო განსაკუთრებულად მდიდარი ადამიანების სიმრავლით არასოდეს გამოირჩეოდა. თუმცა ბიზნესმენები, რომლებიც წარმოშობით საქართველოდან არიან, რამდენიმე ქვეყნის ბიზნეს-რეიტინგებში ფიგურირებენ და ცხადია, იმავე ქვეყნების წარმომადგენლებადაც მიიჩნევიან.

მაგალითად, 2019 წლის რუსულ რეიტინგში, რომელიც რუსულმა "Forbes"- მა გამოაქვეყნა, სამი ქართული გვარი გვხვდება.

რუსეთის 200 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის არიან - ალექსანდრე ჯაფარიძე, ვიაჩესლავ მირილაშვილი და დავით იაკობაშვილი.

2019 წლის აპრილში გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით, მაჰაჩყალაში დაბადებული ალექსანდრე ჯაფარიძე რეიტინგში 61-ე ადგილზეა და მისი ქონება გამოცემას 1 მილიარდად აქვს შეფასებული. სანქტ-პეტერბურგელმა ქართველმა ვიაჩესლავ მირილაშვილმა კი - 113-ე ადგილი დაიკავა 950 მილიონი დოლარით.

თბილისში დაბადებული დავით იაკობაშვილი კი - 132-ე ადგილზეა და მისი ქონებაც 950 მილიონს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს მილიონერთა რუსულ რეიტინგებში 6 ქართველი იყო მოხვედრილი: ბიძინა ივანიშვილი, ალექსანდრე ჯაფარიძე, დავით იაკობაშვილი, დავით პანიკაშვილი, პაატა გამგონეიშვილი და ვიაჩესლავ მირილაშვილი.

აღნიშნულ რეიტინგში ქართველებიდან ყველაზე მდიდარი, ცხადია, ქვეყნის ყოფილი პრემიერი და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გახლდათ, რომელიც 27-ე ადგილს იკავებდა რეიტინგში და მისი ქონება 5 მილიარდი დოლარი იყო.

აღნიშნული რეიტინგის მიხედვით, ალექსანდრე ჯაფარიძის ქონება 2,15 მილიარდი იყო. "ეურაზია დრილინგ კომპანის" აღმასრულებელი დირექტორი და წილის მფლობელი 54-ე ადგილს დასჯერდა. "რუსულ რეიტინგში" დავით იაკობაშვილს 134-ე ადგილი ერგო 830 მილიონით.

"ვიმ-ბილ-დანი საკვები პროდუქტების" დამფუძნებელს აგრეთვე აქვს ერთობლივი პროექტები იმავე რეიტინგის 79-ე პოზიციაზე მყოფ გავრილ იუშვაევთან. ვიაჩესლავ მირილაშვილი 140-ე აღმოჩნდა 790 მილიონით (სოციალურ ქსელ "ვ კონკტაკტეს" ძირითადი თანამფლობელი).

ვიაჩესლავი რუსეთში ცნობილი ბიზნესმენის, "ევროსერვისის" ექს-მფლობელის, მიხეილ მირილაშვილის ვაჟია. რეიტინგში 570 მილიონით, 192-ე ადგილი ერგო დავით პანიკაშვილს, ფარმდისტრიბუტორ "როსტას" დამფუძნებელსა და პრეზიდენტს.

ხოლო ბანკ "სლავიანსკი კრედიტის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, "დელოვაია როსიას" გენერალური საბჭოს წევრ პაატა გამგონეიშვილს, 290 მილიონით, რეიტინგში 323-ე ადგილი მიაკუთვნეს.

ქართულ პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი რუსი ბიზნესმენების სიიდან გაქრა. 2019 წლის რუსულ რეიტინგში აღარ გვხვდება აღარც დავით პანიკაშვილი და აღარც პაატა გამგონეიშვილი. დიდი ალბათობით, პანიკაშვილისა და გამგონეიშვილის ფინანსურმა მდგომარეობამ სერიოზული რყევები განიცადეს და რეიტინგების მიღმა დარჩნენ.