რუსთაველზე აფეთქების და სროლის ხმა ისმის
რუსთაველზე აფეთქების და სროლის ხმა ისმის

A+ A-

14:23 30/08/2019

რუსთაველის გამზირზე სროლა და აფეთქების ხმა ისმის, მაგრამ არავის ეშინია, რადგან “ფორსაჟი 9“-ის გადაღებებია. დღისით, რუსთაველის გამზირი ქვეითებისთვისაც გადაკეტილია.

გადაღებების გამო არ მუშაობენ მაღაზიები, კაფეები და რესტორნები. ტურისტები იძულები არიან, სასტუმროში სხვა გზით მივიდნენ. ამის მიუხედავად, ტურისტები ამ ყველაფერს კარგ თავგადასავლად აღიქვამენ. ერთ-ერთი ტურისტის იანა ზახაროვას თქმით, თბილისში პირველად არის, თუმცა ცენტრში გასეირნებას ვერ ახერხებს.

“თბილისში პირველად ვარ. ცენტრში გასეირნება ვერ მოვახერხე. სამაგიეროდ ვნახე, როგორ იღებენ “ფორსაჟს“, - ამბობს იანა ზახაროვა. “ფორსაჟის“ გადამღებმა ჯგუფმა, რუსთაველზე ერთი მაღაზია უკვე ააფეთქა. ტრიუკებს პროფესიონალი კასკადიორები ასრულებენ.

შეგახსენებთ, ჰოლივუდური ბლოკბასტერის "ფორსაჟი 9" -ს გადაღებები 19 აგვისტოს დაიწყო. პირველი ლოკაცია ვაჟა-ფშაველას გამზირი იყო. ცნობისთვის, ფილმის მთავარი გმირები საქართველოში არ იმყოფებიან, მათ ნაცვლად გადაღებებში კასკადიორები იღებენ მონაწილეობას.

“ფორსაჟი 9“-ის გადაღებები საქართველოში 20 სექტემბერს დასრულდება. "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი თბილისში ჰოლივუდური ფილმის "ფორსაჟი 9"-ის მიმდინარე გადაღებების შეფასებისას აღნიშნავს, რომ ფილმის გადაღებებს საქართველოსთვის რამდენიმე მილიონის სარგებელი მოაქვს.