მედიკამენტებს 1 ლარად გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებლებიც შეიძენენ
მედიკამენტებს 1 ლარად გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებლებიც შეიძენენ

A+ A-

16:57 30/08/2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მცხოვრებლები 1 ლარად შეიძენენ. აღნიშნულ ინფორმაციას, მთავრობის პრესამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროგრამის შეღავათებით სარგებლობის საშუალება მიეცემა გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ასაკისა, სოციალური თუ ჯანმრთელობის სტატუსისა.

საუბარია 35 დასახელების მედიკამენტზე, რომლებიც განკუთვნილია გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, ეპილეფსიისა და პარკინსონის სამკურნალოდ.

შეგახსენებთ, იგივე შეღავათი ვრცელდება საქართველოს მოქალაქე სოციალურად დაუცველ, ასაკით პენსიონერ, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე და ომის ვეტერანებზე. მედიკამენტების პროგრამით უკვე 90 000-ზე მეტი ადამიანი სარგებლობს, რომლებსაც წამლების 1 ლარად შეძენა შეუძლიათ.