"ფორსაჟის" გადაღებები საქართველოში 20 სექტემბერს დასრულდება
"ფორსაჟის" გადაღებები საქართველოში 20 სექტემბერს დასრულდება

A+ A-

12:49 01/09/2019

საქართველოში UNIVERSAl PICTURES-ის ბლოკბასტერის, Fast and Furious 9 (ფორსაჟი 9) ეპიზოდის გადაღებები 20 სექტემბერს დასრულდება, ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პროგრამა "გადაიღე საქართველოში" ავრცელებს. 

ფილმის გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგება, მათ შორის 425 ადგილობრივი პერსონალია. საქართველოში გადაღებების წარმოებისათვის ბიუჯეტი 32 მილიონამდე ლარით არის განსაზღვრული. 

თბილისში გადაღებები უკვე გაიმართა ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ხოლო რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე კი 4 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება გადაღებების პროცესი. აღნიშნულის გამო, დედაქალაქის მერიამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტები შეცვალა. 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ასევე დაგეგმილია გადაღებები პუშკინის, ბესარიონ ჟღენტის, ავთო ვარაზისა და უნივერსიტეტის ქუჩებზე, ასევე, რუსთავში ავტო-ბაზრობის ტერიტორიაზე. 

”ჩვენ მოხარული ვართ გადავიღოთ ფილმის ერთ-ერთი კულმინაციური ნაწილი საქართველოში. აღნიშნული შესაძლებელი გახდა მრავალი სამთავრობო უწყების, განსაკუთრებით სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით. იმ მომენტში, როდესაც დავინახე ქალაქის ისტორიული არქიტექტურისა და თანამედროვე სტრუქტურების უნიკალური ნაზავი ამ შესანიშნავი ფერების და ტექსტურების ფონზე, ვიცოდი, რომ ჩვენი ადგილი ვიპოვნეთ. თბილისი შექმნის იმ მშვენიერი ფონს, რომელიც Fast & Furious - ის მეცხრე ნაწილს ესაჭიროება.“ - განაცხადა ფილმის რეჟისორმა ჯასტინ ლინმა.