ჭიათურაში მადნით დატვირთული მანქანების მოძრაობა შეიზღუდა
ჭიათურაში მადნით დატვირთული მანქანების მოძრაობა შეიზღუდა

A+ A-

16:11 02/09/2019

ჭიათურაში, ქალაქის ტერიტორიაზე მადნით დატვირთული მანქანების მოძრაობა შეიზღუდა. რამდენიმე თვის წინ, ჭიათურაში გამართული ფართომასშტაბიანი გაფიცვის ერთ-ერთი მოთხოვნა მადნით დატვირთული მანქანების სწორედ ქალაქის ტერიტორიაზე მოძრაობის შეიზღუდვა იყო.

გაფიცულებსა და „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებს შორის მომხდარი შეთანხმების ერთ-ერთ პუნქტს, 1-ლი სექტემბრიდან მადნით დატვირთული მანქანების ქალაქის ტერიტორიაზე მოძრაობის შეზღუდვა წარმოადგენდა.

"დღეიდან ძალაში შედის შეთანხმება ქალაქის ტერიტორიაზე მძიმეწონიანი მანქანების შეზღუდვის შესახებ.

"ჯორჯიან მანგანეზმა" სიტყვა შეასრულა. ჩვენ ვნახეთ დასრულებული, ზოგგან ჯერ კიდევ მიმდინარე სამუშაოები. ამიერიდან, მადნის დასაწყობება რკინიგზით მოხდება. რჩება მცირე ნიუანსები, რაც თანდათან მოგვარდება. ვფიქრობთ, მომავალ პერსპექტივებზე, რომელიც დავსახეთ საწარმოს ხელმძღვანელებთან ერთად, ეტაპობრივად განვახორციელებთ", - აცხადებს ჭიათურის მერი გივი მოდებაძე.

"ჯორჯიან მანგანეზის" წარმოამდგენლის მტკიცებით კი, უახლოეს მომავალში ისინი შეძლებენ ნედლი მადნის და კონცენტრატის ტრანსპორტირებას ალტერნატიული გზებით. "ექვს ობიექტზე მოვინახულეთ ის სარეცხები, რომელიც სრულად აღკვეთავს დაბინძურებული მანქანების საერთო სარგებლობის გზებზე გამოყვანას. მოეწყო კიდევ ერთი ახალი ე.წ "სანაყარო", პეროფის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე, მოეწყო ახალი სასაწყობე მეურნეობა, რომელიც გათვლილია 45 ათასი ტონა მადნის დასასაწყობებლად.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრობლემის 90 პროცენტი, რომელიც ეხება მძიმეწონიანი მანქანების ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობას, აღმოფხვრილია. შესაბამისად, ვაგრძელებთ მუშაობას, რომ სრულად გადავიდეთ ტრანსპორტირების ისეთ საშუალებებზე, როგორიცაა რკინიგზა და საბაგირო. იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს მომავალში, ჩვენ შევძლებთ ნედლი მადნის და კონცენტრატის ტრანსპორტირება მანქანით ქალაქის ქუჩებში სრულად აღმოიფხვრა", - აცხადებს "ჯორჯიან მანგანეზის" საოპერაციო მართვის დირექტორი მერაბ ლომინაძე.