16 წლის პაციენტის გარდაცვალების გამო რამდენიმე კლინიკისა და ექიმის მიმართ მკაცრი ღონისძიებები გატარდება
16 წლის პაციენტის გარდაცვალების გამო რამდენიმე კლინიკისა და ექიმის მიმართ მკაცრი ღონისძიებები გატარდება

A+ A-

15:06 03/09/2019

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ პაციენტისთვისგაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხი შეისწავლა.

უწყების ინფორმაციით, სამედიცინო დოკუმენტაცია შეისწავლა შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში“, შპს „გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის ლენტეხის ფილიალში“, სს „ევექსის კლინიკების ტყიბულის ფილიალში“, შპს „აკად. ზ. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრსა“ და სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში“.

მოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულების პაციენტის „სამედიცინო ბარათსა“ და ექიმების ჩანაწერებში არასრულყოფილი და განსხვავებული მონაცემები იყო მითითებული. ასევე გამოიკვეთა სალიცენზიო და სანებართვო პირობების დარღვევის და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტები. ასევე, გამოვლინდა, რომ კერძო კატასტროფის ეკიპაჟის მანქანას ჰქონდა გარკვეული ხარვეზები.

კერძოდ, სრულყოფილად ვერ ხდებოდა პაციენტის აპარატურულიუზრუნველყოფა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტროს მხრიდან მკაცრი ღონისძიებები გატარდება. კერძოდ, პროფესიული განვითარების საბჭოს უახლოეს სხდომაზე ექიმების პასუხიმგებლობის საკითხი განიხილება და გადაიხედება მათი პროფესიული საქმიანობა.

ასევე, სამედიცინო დაწესებულებების მიმართ ადმინისტრაციული წესით კონკრეტული ქმედებები განხორციელდება, დაეკისრებათ საჯარიმო სანქციები. რაც შეეხება აღნიშნულ შემთხვევაში მონაწილე რეანომობილს, მას ფუნქციონირების უფლება უკვე შეუჩერდა.

შეგახსენებთ, 16 წლის პაციენტი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა 21 ივლისს, ამბროლაურის კლინიკიდან ტრანსპორტირებისას, რეანიმობილში დამძიმდა, გუშინ დილით გარდაიცვალა. პაციენტის მდგომარეობა შაორთან იმ დროს დამძიმდა, როდესაც პაციენტი რეანიმობილით გადაჰყავდათ. მანამდე ის სუნთქვის მწვავე უკმარისობით ამბროლაურის კლინიკაში იყო მოთავსებული