"გადაწყვეტილება მქონდა, რომ ნაკრებში აღარ ვითამაშებდი, თუმცა საქმეს ასე დაჭირდა"
"გადაწყვეტილება მქონდა, რომ ნაკრებში აღარ ვითამაშებდი, თუმცა საქმეს ასე დაჭირდა"

A+ A-

10:58 04/09/2019

საქართველოს ყველა დროის მელელოვე მამუკა გორგოძე ნაკრებს დაუბრუნდა და 2019 წლის მსოფლიო თასზე ითამაშებს. ნაკრბში დაბრუნების შემდეგ, გორგოძემ პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც “ბორჯღალოსანთა“ ლიდერი აცხადებს, მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ ნაკრებში აღარ დაბრუნდებოდა. როგორც გოროგოძე აცხადებს, მის ტელეფონზე არაერთი ზარი გაისმა, თუმცა, გადამწყვეტი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის და თავად მორაგბეების თხოვნა აღმოჩნდა.

“მყარი გადაწყვეტილება მქონდა მიღებული, რომ ნაკრებში აღარ ვითამაშებდი, თუმცა ჩემი დაბრუნება გამოიწვია იმ მდგომარეობამ, რომელიც გუნდში შეიქმნა – საქმეს ასე დაჭირდა და დავბრუნდი. სამწუხაროდ, დაგვემტვრა ორი ძალიან ძლიერი მოთამაშე - გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე და გიორგი ცუცქირიძე, რომელიც მართლაც გამორჩეულ ფორმაში იყო. ეს ძალიან გულდასაწყვეტია, თუმცა ჯერ ახალგაზრდაა, ხელის ჩაქნევა არ ღირს და დარწმუნებული ვარ თავის სათქმელს მომავალში აუცილებლად იტყვის“, - განაცხადა გორგოძემ.

“ბორჯღალოსნების“ საუკეთესო მელელოვემ, სამი წლის წინ ნაკრებიდან წასვლის მიზეზებზეც ისაუბრა.
“სამი წლის წინ ნაკრებიდან წასვლა იმის გამო გადავწყვიტე, რომ მსურდა გულშემატკივარს კარგ ფორმაში მყოფი მამუკა გორგოძე დამახსოვრებოდა და ამავდროულად, შანსი მისცემოდათ ახალგაზრდებს. ამ სამი წლის განმავლობაში არაერთი მცდელობა იყო, რომ ჩემი გადაწყვეტილება შემეცვალა, თუმცა ყოველთვის უარზე ვიყავი. ტრავმების შემდეგ მოთამაშეები დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ საჭირო იყო ჩემი დაბრუნება. დამირეკა და დაბრუნება მთხოვა მამუკა ბახტაძემაც და დაბრუნების გადაწყვეტილება მივიღე. ნაკრებზე წინ გუნდის ინტერესი არასდროს დამიყენებია.

მართლა არ ვიცი რა გამიკეთებია ნაკრებისთვის და ქართული რაგბისთვის ასეთი, გულშემატკივრისგან ამდენ სითბოს და სიყვარულს რომ ვიღებ. თავს უხერხულად ვგრძნობ და ამ სიტუაციაში პასუხისმგებლობაც უფრო მატულობს. მათი მისამართით მადლობის მეტი არაფერი მეთქმის და ვეცდები ეს მადლობა მოედანზე შესაძლებლობების მაქსიმუმის გაღებით გადავუხადო. სამი წელია გუნდთან ერთად არ ვყოფილვარ, არც მოსამზადებელი ეტაპი გამივლია და დიდია რისკი იმისა, რომ გუნდს ვერ შევეწყო. მინდა ხალხმა სწორად გაიგოს, ჩემი დაბრუნება არაფერს ნიშნავს და მთავარია გუნდი იყოს კარგად. მე ბიჭებს მაქსიმალურად დავუდგები გვერდში და თავს არ დავზოგავ, თუმცა 35 წლის ვარ და რა იქნება ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვერ ვიტყვი”, - განაცხადა მამუკა გორგოძემ.

შეგახსენებთ, 35 წლის მორაგბემ ნაკრებიდან წასვლის შესახებ განცხადება 2017 წელს გააკეთა.