მარიო ვარგას ლიოსა საქართველოში აღარ ჩამოვა
მარიო ვარგას ლიოსა საქართველოში აღარ ჩამოვა

A+ A-

16:18 04/09/2019

ცოცხალი კლასიკოსი მარიო ვარგას ლიოსა თბილისში სექტემბერში აღარ ჩამოვა. მწერალი საქართველოში წიგნის ეროვნული ცენტრის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სერვანტესის ინსტიტუტის მოწვევით უნდა ჩამოსულიყო.

ინფორმაციას "მწერალთა სახლის" დირექტორი ნატაშა ლომოური აუდასტურებს, თუმცა მისთვის მწერლის ვიზიტის გაუქმების ზუსტი მიზეზი  უცნობია.

ქართველი მკითხველი ლიოსას რამდენიმე ნაწარმოებს იცნობს. სხვადასხვა წლებში ქართულად გამოიცა დეიდა ხულია, ხუთი კუთხე, ვაცის ნადიმი, ცუდი გოგოს ოინები, ქალაქი და ძაღლები, ბოლო ჟამის ომი და საუბარი კათედრალში.

ხორხე მარიო პედრო ვარგას ლიოსა 1936 წელს პერუში დაიბადა. ბევრი კრიტიკოსი მიიჩნევს, რომ ის ლათინოამერიკული ლიტერატურის ბუმის უმთავრესი ხმაა. 2010 წელს ლიოსამ ნობელის პრიზი მიიღო ლიტერატურაში.

სხვა ლათინოამერიკელი მწერლების მსგავსად, ლიოსაც აქტიურად არის ჩართული პოლიტიკაში. სიცოცხლის მანძილზე ის მემარცხენეობიდან მემარჯვენე ლიბერალიზმისკენ გადაიხარა. მან 1990 წელს პერუს პრეზიდენტობაზეც იყარა კენჭი, თუმცა გამარჯვება ვერ შეძლო.