რა ქონებას ფლობს ივანიშვილის პირველი მემკვიდრე, პოლიტიკაში მეორედ მოსული ირაკლი ღარიბაშვილი?
რა ქონებას ფლობს ივანიშვილის პირველი მემკვიდრე, პოლიტიკაში მეორედ მოსული ირაკლი ღარიბაშვილი?

A+ A-

16:42 04/09/2019

"ბიძინა ივანიშვილის ხელის ბიჭი"; "ბიჭი რომელსაც ორჯერ გამეორება არ სჭირდება"; "სუპერკორუმპირებული მონა"... - ასე უწოდებენ საქართველოს მომავალ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პოლიტიკურ წრეებში ოპოზიციის წარმომადგენლები.

თვითონ ბიძინა ივანიშვილი კი მის პატიოსნებასა და უაღრესად კეთილშობილებაში იმდენად დარწმუნებული იყო, რომ ჯერ შს მინისტრად, შემდეგ პრემიერად და ახლა თავდაცვის მინისტრად დანიშნა.

ირაკლი ღარიბაშვილი 770 დღე იკავებდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, შემდეგ წავიდა. წასვლისას კი, გადადგომის მიზეზის ნაცვლად განაცხადა: მარადიული მხოლოდ უფალი და სამშობლოა, ვრჩები ჩემი სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცად"... და "კახური კლანის" ლიდერი ჯარისკაცი, დაბრუნდა.

თუმცა, მანამდე, ვიდრე თავდაცვის მინისტრის სავარძელს ოფიციალურად დაიკავებს და ახალ ქონებრივ დეკლარაციას შეავსებს, “2020NEWS“ დაინტერესდა, რა ქონებით მოვიდა მეორედ ბიძინა ივანიშვილის პირველი პოლიტიკური მემკვიდრე საქართველოს მთავრობაში.

როგორც ირკვევა, ღარიბაშვილმა დეკლარაციის ბოლო განაცხადი 2014 წლის 31 დეკემბერს შეავსო. თუმცა, მანამდე ღარიბაშვილს ორი დეკლარაცია აქვს შევსებული - პრემიერობამდე და პრემიერობის შემდგომ. პირველი დეკლარაცია ღარიბაშვილს 2012 წლის 12 დეკემბერს აქვს შევსებული, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი გახლდათ.

ძველ დეკლარაციაში, ოჯახის წევრების გრაფაში, მეუღლე - ნუნუ თამაზაშვილი და ორი შვილი - ნიკოლოზ და ანდრია ღარიბაშვილები ჰყავს წარმოდგენილი.  თუმცა, მას შემდეგ მის ოჯახს კიდევ ორი წევრი შეემატა და ის დღეს 4 შვილის მამაა.

ბოლო დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილის საკუთრებაში 3 ბინა და 3 არასაცხოვრებელი ფართია დაფიქსირებული. კერძოს, გაგარინის ქუჩაზე 121,80 კვ.მ ფართობის ბინა და იმავე მისამართზე 16.00 კვ.მეტრის ავტოფარეხი. ასევე, მოსაშვილის ქუჩაზე 170 კვ.მ ფართის ბინა და იქვე 38 კვ.მეტრის არასაცხოვრებელი ფართი. ღარიბაშვილი მოსაშვილის ქუჩაზე კიდევ ერთი, 159 კვ. მეტრი ფართის ბინისა და 11.00 კვ. მეტრის არასაცხოვრებელ ფართის მფლობელია.

ირაკლი ღარიბაშვილის მფლობელობაში ორი ავტომანქანაა - 2009 წელს გამოშვებული Mercedes Benz, სახელმწიფო ნომრით NNA-100, და 2007 წელს გამოშვებული Toyota Corolla, სახელმწიფო ნომრით - GII-100. რაც შეეხება ღარიბაშვილის საბანკო ანგარიშებს: 2012 წლის 12 დეკემბერს, დეკლარაციის შევსების მომენტში "ბანკ ქართუში“ სამი მიმდინარე, ხოლო ერთი საკრედიტო ანგარიში ჰქონდა გახსნილი. მიმდინარე ანგარიშებზე ასახული თანხის რაოდენობა ასე გამოიყურება: 1 ევრო, 4,72 აშშ დოლარი და 21.72 ლარი, ხოლო საკრედიტო ანგარიშზე 2838.42 ლარი. ასევე, ფულადი თანხის გრაფაში მითითებულია 20 000 ლარი. რაც შეეხება მის წლიურ შემოსავლებს - 2012 წლის დეკლარაციის თანახმად, საქველმოქმედო ფონდ ”ქართუში”, სადაც ღარიბაშვილი გამგეობის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა, მისმა წლიურმა შემოსავალმა 75 000 ლარი შეადგინა, ხოლო შპს ”ქართული ოცნების” დირექტორობისას წლიური შემოსავალი ასევე 75 000 ლარი იყო. გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილი იყო ს.ს. ბანკი "ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და სან-მარინოს საპატიო კონსულის პირადი წარმომადგენელი. 2012 წლის დეკლარაციაში წლიური შემოსავლის ორივე გრაფა ცარიელია.

პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნისას ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 2013 წლის 27 დეკემბერს შევსებული დეკლარაციის მიხედვით ირკვევა, რომ პრემიერის უძრავ-მოძრავ ქონებას არაფერი შემატებია. ბანკ ”ქართუში” მის სახელზე გახსნილ საკრედიტო ანგარიშზე 26 061 ლარი, ხოლო ფულადი თანხის გრაფაში 20 000 ლარის ნაცვლად უკვე 10 000 ლარია ასახული. ავტომანქანის გრაფაში კი მხოლოდ 2009 წელს გამოშვებული Mercedes Benz ფიქსირდება. მისი წლიური შემოსავლები კი ასეთია: საქველმოქმედო ფონდ ”ქართუს” გამგეობის თავმჯდომარის პოსტზე ყოფნისას 15476.19 ლარი, შპს ”ქართული ოცნების” დირექტორობისას 131250, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრობისას მისმა წლიურმა ანაზღაურებამ 7879.35 ლარი შეადგინა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ღარიბაშვილს, ბოლო დეკლარაცია 2014 წლის 31 დეკემბერს აქვს შევსებული.

როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ბოლო სამი წლის განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ავტომანქანა არ შეუძენია და კვლავ 2009 წელს გამოშვებული Mercedes Benz-ის მფლობელია.  საბანკო ანგარიშები კი ასეთია: ბანკ ”ქართუში" მიმდინარე ანგარიშზე კვლავ 1.00 ევროა, იმავე ბანკის კიდევ ერთ მიმდინარე ანგარიშზე 4.72 დოლარი, კიდევ ერთ მიმდინარეზე 18.51 ლარია. ხოლო ბანკი ”ქართუს” საბარათე ანგარიშებზე 10.61 ლარი, 4987.94 დოლარი და 4371.44 ევრო.

დეკლარაციაში ასევე ვკითხულობთ, რომ მისი მეუღლე ნუნუ თამაზაშვილი "თიბისი” ბანკში მიმდინარე ანგარიშზე 229.74 ლარს, ხოლო ბანკი ”ქართუს” საბარათე ანგარიშზე 0.33 ევროს ფლობს. ფულადი თანხის მესაკუთრის გრაფაში ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ 10 000 ლარი აქვს მითითებული. მისი წლიური შემოსავლები კი ასე გამოიყურება: შს მინისტრობისას წლიურმა ანაზღაურებამ 77946.62 ლარი, ხოლო პრემიერ-მინისტრობისას 5869.05 ლარი შეადგინა.

საგულისხმოა, რომ დეკლარაციებში ოჯახის წევრების ქონების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არის. ასევე ირკვევა, რომ ამავე წლებში ღარიბაშვილს რაიმე სახის ფულადი საჩუქრები არ მიუღია.

37 წლის ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ მოსვლას რამდენად ელოდა საზოგადოება, ძნელი სათქმელია. იმის თქმა კი შეიძლება, რომ სკანდალური ნათესავებისა და კიდევ სხვა მიზეზების გამო, პრემიერობიდან ძალით გადაყენებულმა ღარიბაშვილმა ივანიშვილს გული ისევ მოულბო და პირველ ჯარისკაცად დაბრუნდა. ოღონდ, რომელი ქვეყნის ჯარისკაცად, ამას დრო გამოაჩენს.