კახეთში 10 ათასი ტონა ყურძენია უკვე გადამუშავებული
კახეთში 10 ათასი ტონა ყურძენია უკვე გადამუშავებული

A+ A-

14:56 05/09/2019

კახეთის რეგიონში , 5 სექტემბრის მონაცემებით, 10 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული. აქედან 3,6 ათას ტონამდე საფერავია, 2,4 ათასი ტონა რქაწითელი, 1,5 ათას ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

აღნიშნულ ინფორმაციას, ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, წელს კახეთში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.

“საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო მობილიზებულია, რომ მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ შეექმნათ და მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩეს. რთველის პროცესში სააგენტო ჩართულია მოსავლის აღრიცხვიანობის მიმართულებით და არ ერევა ფასწარმოქნასა და თავისუფალი ბაზრის რეგულაციაში.

დღეის მდგომარეობით, კახეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ყურძნის გადამუშავების პროცესში 23 ღვინის საწარმოა ჩართული. რთველის საკოორდინაციო შტაბში 160 ღვინის მწარმოებელი კომპანია უკვე დარეგისტრირებულია, რომლებიც რთველის პროცესში სხვადასხვა ეტაპზე ჩაერთვებიან“, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თელავში, სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, რთველი 2019 წლის შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.

დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.