ქუთაისის მერია და “ტორპედოს“ ექს-დირექტორი ზაალ ჩაჩავა საქმეს სასამართლოში გაარკვევენ
ქუთაისის მერია და “ტორპედოს“ ექს-დირექტორი ზაალ ჩაჩავა საქმეს სასამართლოში გაარკვევენ

A+ A-

17:37 06/09/2019

ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბი “ტორპედო“ კი დაიბრუნა, მაგრამ მერიასა და “ტორპედოს“ ყოფილი დირექტორის, ზაალ ჩაჩავას ურთიერთობის გარკვევა სასამართლოში მოუწევთ.

როგორც, “2020NEWS“-ს ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებაში განუცხადეს, სარჩელი მზადდება და ის რამდენიმე დღეში სასამართლოში გაიგზავნება.

“სარჩელი მზადდება ქუთაისის “ტორპედოს“ 100 პროცენტიანი მფლობელის, კომპანია “ინტერნეიშენალ ჰოკერ ჰაუსის“ წინააღმდეგ.  ჩვენ ვითხოვთ “ტორპედოს“ დაბრუნებას ყოველგვარი ვალის გარეშე.  სარჩელი რამდენიმე დღეში სასამართლოში გაიგზავნება“, - განუცხადეს “2020NEWS“ ქუთაისის მერიაში.

ცნობისთვის, ზაალ ჩაჩავა ქუთაისურ კლუბში სწორედ ამ კომპანიის წარმომადგენელი იყო. რაც შეეხება სარჩელს, საქმე იმაშია, რომ კლუბის აწ უკვე ყოფილმა მფლობელმა “ტორპედოზე“ უარი კი თქვა, მაგრამ უარს ამბობს ვალის გასტუმრებაზე.

საუბარია ყველა საბანკო თუ სახელფასო დავალიანებაზე, ასევე ხელშეკრულებაში მითითებულ თანხაზეც, რომელიც მერიისთვის უნდა გადაეხადა, დაახლოებით 170 ათას ლარი. სანამ სარჩელი მზადდება, ქუთაისის მერიამ “ტორპედო“ გადაიბარა და დროებითი მმართველიც დანიშნა.

“გადმობარების პროცესი ჯერ ისევ მიმდინარებს. გუშინ ქუთაისის მერიის მიერ კლუბში დროებით მმართველად თეიმურაზ ჩეჩელაშვილი დაინიშნა. დროებითი მმართველი მუშაობის პროცესში გაერკვევა, რა კონკრეტული პრობლემებია კლუბში და ამის მიხედვით დაიწყება შესაბამისი მუშაობა“, - განუცხადეს სააგენტოს ქუთაისის მერიაში.

შეგახსენებთ, 27 აგვისტოს ზაალ ჩაჩავამ ქუთაისი “ტოერპედო“ დატოვა და თან წაიღო კლუბის ფულიც.

ცნობისთვის, “2020NEWS“ ზაალ ჩაჩავას მიერ “ტორპედოში“ გაფლანგულ თანხებზე, რამდენიმე თვის წინ წერდა.

კერძოდ, სააგენტოსთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ "ტორპედოს" ბიუჯეტიდან თანხა კლუბის მფლობელმა ზაალ ჩაჩავამ მიითვისა.

საუბარია 12 მილიონ დოლარზე, რომლის ნაწილიც, "2020NEWS”-ის ინფორმატორის ცნობით, მან ტოტალიზატორში წააგო, ნაწილით კი კანადაში უძრავი ქონება შეიძინა.