ლაფანყურის მოსახლეობამ აქცია გამართა
ლაფანყურის მოსახლეობამ აქცია გამართა

A+ A-

12:02 07/09/2019

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის მოსახლეობამ საპროტესტო აქციას გამართა. აქციის მონაწილეები ლაფანყურიდან შვიდ კილომეტრში, მდინარე ლოპოტაზე დაგეგმილი ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. მათი თქმით, მდინარეს არ გააჩნია შესაბამისი წყლის რესურსი, ხოლო კალაპოტი მცოცავი ქანებისგან შეგდება, რაც ჰესის აშენების შემთხვევაში საფრთხეს ზრდის. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს, გეოფიზიკოსებს, გარემოს დამცველებსა და სხვა სპეციალისტებს მათთან შეხვედრა არ გაუმართავთ და გარემოზე ზემოქმედების რისკების შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. ადგილობრივებმა მოსალოდნელი საფრთხეების შესწავლის მიზნით, ალტერნატიულ ექსპერტიზას მიმართეს და პასუხის მოლოდინში არიან.

ლაფანყურელები ამბობენ, რომ ჰესის აშენების შემთხვევაში მოხდება უნიკალური ჯიშის ხეების გაკაფვა, საფრთხე დაემუქრება ამ ტერიტორიაზე მდებარე ისტორიულ ციხის კომპლექსს, ფლორას და ფაუნას ამასთანავე, მდინარე ლოპოტის დიდი ნაწილის მილებში მოქცევით პრობლემა შეექმნება სასმელი და სარწყავი წყლით სოფლის მომარაგებას.

„მე იქ ვიყავი, როცა სპეციალისტები ჰესის აშენების ადგილს ათვალიერებდნენ და ერთმანეთს ხმამაღლა უზიარებდნენ აზრებს. კარგად გავიგონე, როგორ ამბობდნენ, რომ ნაშალი ქანია და აქ ჰესის აშენება საფრთხის შემცველია. მდინარე ლოპოტა წყალუხვი არ არის, განა რამდენ მეგავატიანი უნდა იყოს ის ჰესი, რომ სოფლის წალეკვის საფრთხედ ღირდეს“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ლაფანყურელმა თეიმურაზ ნაყეურმა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ისინი არანაირ პირობებზე არ იქნებიან თანახმა და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ჰესის აშენებას. მოსახლეობა ამ მოთხოვნით ხელისუფლებას მიმართავს და შესაბამისი ხელმოწერები გროვდება.

ლაფანყურელები დღეიდან დაგეგმილი ჰესის ტერიტორიისაკენ მიმავალი გზის პიკეტირებას და მორიგეობას აწესებენ, რომ მშენებელ კომპანიას ტერიტორიაზე შესაბამისი ტექნიკის მობილიზების საშუალება არ მისცენ.

აქციის მონაწილეებთან შესახვედრად ლაფანყურში დღეს შპს „ართანა – ლოპოტა პესის“ და არც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გამოჩენილან