კახეთში 15 ათასი ყურძენია გადამუშავებული
კახეთში 15 ათასი ყურძენია გადამუშავებული

A+ A-

13:05 07/09/2019

კახეთის რეგიონში, დღევანდელი მონაცემებით, 15 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული. აღნიშნულ ინფორმაციას, ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, გადამუშავებულია 5,7 ათასი ტონა საფერავი, 5 ათასი ტონა რქაწითელი, 2 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

“მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში გადამუშავებულია 3 ათასამდე ტონა ყურძენი, რაც ნიშნავს იმას, რომ რთველი აქტიურ ფაზაში შედის. ყურძნის გადამუშავების პროცესში 30 ღვინის საწარმო იქნება ჩართული. რთველი აქტიურია დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში, უახლოეს დღეებში მოსავლის დაბინავებიის პროცესი გურჯაანსა და ყვარელშიც დაიწყება.

რთველის საკოორდინაციო შტაბში 163 ღვინის მწარმოებელი კომპანია უკვე დარეგისტრირებულია, რომლებიც რთველის პროცესში სხვადასხვა ეტაპზე ჩაერთვებიან. წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო მობილიზებულია, რომ მევენახეებმა ყურძნის ორგანიზებულად და შეუფერხებლად ჩაბარება შეძლონ.

რთველის პროცესში სააგენტო ჩართულია მოსავლის აღრიცხვიანობის მიმართულებით და არ ერევა ფასწარმოქნასა და თავისუფალი ბაზრის რეგულაციაში“, - ნათქვამია ღვინის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"რთველი 2019"-ის საკოორდინაციო შტაბი განთავსებულია თელავში. სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.