პენსია რეგულარულად გაიზრდება - რას ითვალისწინებს ინდექსაციის კანონპროექტი?!
პენსია რეგულარულად გაიზრდება - რას ითვალისწინებს ინდექსაციის კანონპროექტი?!

A+ A-

14:03 09/09/2019

მთავრობა ინდექსაციის კანონპროექტის შესახებ მუშაობს, რომელიც პენსიის ზრდას ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის მიხედვით ითვალისწინებს. აღნიშნულის შესახებ “2020NEWS“ -ს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა აკაკი ზოიძემ განუცხადა.

მმართველი პარტიის წარმომადგენლის განცხადებით, ინიციატია შემუშავების პროცესშია. ამიტომ, ჯერჯერობით, უცნობია პენსიის ზრდა დროის რა პერიოდულობით იგეგმება. “დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან მთავრობასა და სავალუტო ფონდში აღნიშნული საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

ინდექსაცია ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის მიხედვით პენსიის რეგულარულ ზრდას გულისხმობს. ეს იქნება ყოველწლიური თუ სხვა პერიოდულობითი მოცულობით, ჯერჯერობით, უცნობია“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მმართველი პარტიის წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე “2020NEWS“ -თან აცხადებს, რომ ინდექსაციის კანონპროექტი პარლამენტის მხარადაჭერას მოიპოვებს.

“დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ინდექსაციის კანონპროექტის მიღება აუცილებელია. პარლამენტი ახალ ინიციატივას მხარს დაუჭერს. ბიუჯეტის მიხედვით, პენსიის ზრდა ისედაც იყო გათვალისწინებული. ინდექსაცია არის დამატებითი მექანიზმი და რეგულაცია, რომ პენსიის ოდენობა სავალუტო ცვლილებებს აყვეს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პენსიის ზრდა ფრაქცია “ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრისას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობის რანგში დაანონა.

“ბიუჯეტი გვაძლევს საშუალებას, რომ პენსია გავზარდოთ. ეს იქნება საკმაოდ სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი და პენსიონერების წინაშე სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობის კონტექსტში, პრინციპების დონეზე, გარკვეული წესების დანერგვა”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე